ბექა ლილუაშვილი -  გახარიას შეუძლია, პოლიტიკაში დარჩეს და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს
ბექა ლილუაშვილი - გახარიას შეუძლია, პოლიტიკაში დარჩეს და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს

მას შეუძლია პოლიტიკაში დარჩეს და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ლილუაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„მგონი, ამომწურავად თქვა, რომ ის არ აპირებს არსად წასვლას და პოლიტიკაში რჩება. მას შეუძლია, პოლიტიკაში დარჩეს და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კითხვაზე: „ხომ არ გაქვთ მასთან რაიმე ფორმით კონსულტაციები“, – ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ არ შემდგარა.

„არა, არ ყოფილა. ჯერ არანაირი გეგმები თვითონ გიორგი გახარიასაც, რა ფორმით რჩება პოლიტიკაში და რას აკეთებს, არ აქვს. შესაბამისად, ამაზე ლაპარაკი გაუგებარია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.