ბექა ლილუაშვილი - ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია, ისინი მოქალაქეებს არჩევანს თუ არ მოჰპარავენ, პოლიტიკურ პერსპექტივას შეინარჩუნებენ
ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია, ისინი მოქალაქეებს არჩევანს თუ არ მოჰპარავენ, პოლიტიკურ პერსპექტივას შეინარჩუნებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თუ არჩევნებს გააყალბებს, დაადასტურებს, რომ ქვეყნაში ავტორიტარიზმი ფორმდება.
„ვფიქრობთ, რომ ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია. პრაქტიკულად, ევროკავშირისგან ზუსტად იგივე მოვისმინეთ. ხელისუფლება თუ შეძლებს, საქართველოს მოქალაქეებს არჩევანი არ მოჰპაროს და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, რაღაც პოლიტიკურ აზრს, მნიშვნელობასა და პერსპექტივას შეინარჩუნებს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არჩევნებს მოიგებს, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის პერსპექტივას შეინარჩუნებს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ისევ მოიპარავენ ჩვენი ქვეყნის არჩევანს, გააყალბებენ არჩევნებს და ამით კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დაადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ფორმდება. რა თქმა უნდა, მათ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ორგანიზაციას, პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. ამას საქართველოს მოქალაქეები ყველას დახმარების გარეშეც მოახერხებენ“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.