ბექა ლილუაშვილი - „დემოკრატიის ფესტივალი“ გამოიყურება „ნაცმოძრაობის“ დიდ მოწადინებად, „გაანაცოს“ იქ მონაწილე ოპოზიცია, სხვანაირად არ იხსნება სააკაშვილის სურათის თუ პოსტერის გამოტანა
„დემოკრატიის ფესტივალი“ ჩვენთვის გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის“ დიდ მოწადინებად, „გაანაცოს“ იქ მონაწილე ოპოზიცია, სხვანაირად არ იხსნება მიხეილ სააკაშვილის სურათის თუ პოსტერის გამოტანა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი მცდელობა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას ხელი შეუწყოს.
„ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენი პარტია ამ ღონისძიებების არც დაგეგმვაში მონაწილეობდა, არც მსვლელობაში და არც განხორციელებაში მონაწილეობს, ამიტომ ამ დეტალებს ნამდვილად ვერ გეტყვით. ვიცით ერთადერთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხდება რაღაც მცდელობა, სხვა პარტიების თუ პოლიტიკური სუბიექტების „განაცება“ და იმის მიღმა რას ნიშნავს, ვის აფინანსებს, როგორ აფინანსებს და რა აქტივობებით არიან დაკავებული, ნამდვილად არ ვიცი. ჩვენი პარტია არ იღებს მონაწილეობას და ვინც იღებს, იმათ ჰკითხეთ, რა ჩანაფიქრი აქვთ. მე რომ ვიცოდე მათი ხარჯთაღრიცხვა, დეტალურად გეტყოდით, ეს ღონისძიება გამოიყურება ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობის“ დიდ მოწადინებად, „გაანაცოს“ იქ მონაწილე ოპოზიცია, სხვანაირად არ იხსნება მიხეილ სააკაშვილის სურათის თუ პოსტერის გამოტანა და ამით „ქართული ოცნებისთვის“ საფუძვლის შექმნა, რომ პროპაგანდა, რასაც აწარმოებენ, გაშალონ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას ხელი შეუწყოს. „ნაციონალურ მოძრაობას“, მგონია, თავისი მინი ოლიგარქი ჰყავს კეზერაშვილის სახით და არ მგონია, ვინმეს ფინანსური დახმარება სჭირდებოდეს. არ მგონია, ფული დააკლოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
თელავში 3 აგვისტოს, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით, „დემოკრატიის ფესტივალი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, „დემოკრატიის ფესტივალი“ ერთი კვირის წინ, 27 ივლისს წალენჯიხაშიც ჩატარდა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.