ბექა ლილუაშვილი - ჩვენი ამოცანაა, 2024 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ერთობლივი მმართველობის საბოლოოდ დასრულება
ბექა ლილუაშვილი - ჩვენი ამოცანაა, 2024 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ერთობლივი მმართველობის საბოლოოდ დასრულება

ჩვენი ამოცანაა, 2024 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ერთობლივი მმართველობის საბოლოოდ დასრულება ისე, რომ ისინი დარჩნენ 50%-ს მიღმა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილს კომენტარი სთხოვეს ნიკას მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა და ჩვენი განზრახულობები ამასთან დაკავშირებით ვერ განიცდიდა ვერანაირ მოდიფიცირებას. ჩვენი ამოცანაა, 2024 წლის არჩევნებზე „ნაცმოძრაობისა“ და „ოცნების“ ერთობლივი მმართველობის საბოლოოდ დასრულება ისე, რომ ისინი დარჩნენ 50%-ს მიღმა. „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფი ნიკა მელია ცალკე წამოვა, რადგან რაღაც საყოფაცხოვრებო საკითხზე ჰქონდათ მათ შიგნით დაპირისპირება, ძალაუფლება ვერ გაიყვეს თუ ჩრდილოვანი მმართველობა ვერ გადაინაწილეს. „ქართულ ოცნებას“ თუ ეყოლება თავისი მსგავსი ტიპის განაყოფი, მაგალითად, „ხალხის ძალის“ სახით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ ვინ არის და ვინ რა რადიკალური ამოცანების მატარებელია ერთი პარტიიდანაც და მეორე პარტიიდანაც“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ ნიკა მელიასთან, ლილუაშვილმა განაცხადა: „ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებასთან“ არ ვთანამშრომლობთ, წერტილი“.

ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას აფუძნებს.