ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას, რომ საქართველოს ეკონომიკა, სწრაფი დინამიკით, პირველ რიგში, დასტაბილურდა და შემდეგ უკვე ეტაპობრივად იწყებს გამოსვლას ეკონომიკური კრიზისიდან
ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას, რომ საქართველოს ეკონომიკა, სწრაფი დინამიკით, პირველ რიგში, დასტაბილურდა და შემდეგ უკვე ეტაპობრივად იწყებს გამოსვლას ეკონომიკური კრიზისიდან

წინასწარი მაჩვენებლებით, საქართველოს ეკონომიკა, ივლისში -5.5 პროცენტით შემცირდა. ეს შემცირება, გლობალური პანდემიის პირობებში, მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, საკმაოდ იმედისმომცემია. ფაქტია, რომ აპრილიდან მოყოლებული, როდესაც ეკონომიკური კლება თითქმის – 17 პროცენტი იყო, ჩვენ ჩამოვედით კლების ხუთპროცენტიან მაჩვენებელზე და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ, საქსტატის წინასწარ შეფასებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რიგ სექტორებში, თუ წინა თვეების განმავლობაში შემცირებული ეკონომიკური აქტივობა იყო, ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღება შეინიშნება.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია განთავსების საშუალებები, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორები, სადაც სეზონურ ფაქტორებთან ერთად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებების შედეგად ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა. მათ შორის, მნიშვნელოვანი გაჯანსაღება შეინიშნება ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით, სადაც 5.6 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამ და სხვა მაჩვენებლებთან ერთად, მაგალითად, როგორიც არის ფულადი გზავნილების, საბანკო პორტფელის ზრდის მაჩვენებელი, ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას, რომ საქართველოს ეკონომიკა, სწრაფი დინამიკით, პირველ რიგში, დასტაბილურდა და შემდეგ, უკვე ეტაპობრივად, იწყებს გამოსვლას ეკონომიკური კრიზისიდან. გარდა ამისა, ამ ეკონომიკური კლების პირობებში, სახელმწიფო ინარჩუნებს თავის მოქალაქეებზე ზრუნვის პოლიტიკას და ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა სახით კომპენსაციების გაცემას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.