ბექა ლილუაშვილი - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პარტაქტივის ნაწილში, შესაძლოა, პოზიტივი შეიტანა, მაგრამ მხარდაჭერის კუთხით, მის შემობრუნებას ის ეფექტი აღარ ექნება
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პარტაქტივის ნაწილში, შესაძლოა, პოზიტივი შეიტანა, მაგრამ, მხარდაჭერის კუთხით, მის შემობრუნებას ის ეფექტი აღარ ექნება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ ერთ წინადადებაში ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამ თქვა.
„ჯერ თქვა, ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობსო, შემდეგ თქვა, პოლიტიკაში ივანიშვილი როცა შემოდის, „ქართული ოცნების“ გამარჯვება ყოველთვის დამაჯერებელიაო. ეს ხომ აბსურდია, ერთმანეთს არ ებმის, რადგან თუ ოპოზიცია არ არსებობს, არჩევნებს ისედაც დამაჯერებლად იგებ და ასეთ შემთხვევაში ან ივანიშვილი რაში გჭირდება, ან ნებისმიერი სხვა. უბრალოდ, ეს რეფლექსია იმ შიდა კონკურენციასა და დაბნეულობაზე, რაც ახლა „ქართულ ოცნებაში“ არსებობს და რაც ზედაპირზე ჩანს. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. ყველა კვლევის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიულ მინიმუმზეა, მარტივ მამრავლებად იშლება, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ივანიშვილისთვის საფრთხობელას როლში ძალა აღარ ექნება – მას ეს კარტი ნაცარში ჩაუვარდა. „ქართულ ოცნებასაც“ მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის კრიზისია. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პარტაქტივის ნაწილში, შესაძლოა, პოზიტივი შეიტანა, მაგრამ, მხარდაჭერის კუთხით, მის შემობრუნებას ის ეფექტი აღარ ექნება, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.