ბექა ლილუაშვილი - აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე როდესაც არის საუბარი, ყველამ უნდა გაიაზროს, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ასეთი ტიპის მხარდაჭერაზეც არის დამოკიდებული
„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ზრდის ციფრებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ახვევს საზოგადოებას საკუთარ სიამაყეს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე როდესაც არის საუბარი, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, ასეთი ტიპის მხარდაჭერაზეც არის დამოკიდებული.
„„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ზრდის ციფრებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ახვევს საზოგადოებას საკუთარ სიამაყეს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ხელისუფლებამ სტრატეგიულ პარტნიორებთან დაამძიმა და დააზიანა ქვეყნის ურთიერთობები, ასევე შეაჩერა და გაყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი შედეგები, მათ შორის, ფინანსური. როცა ვლაპარაკობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ, ბოლო სამი ათეული წელია, ვიღებთ სტრატეგიული პარტნიორებისგან“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ის ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა იყო შესაძლებელი და ახლა სერიოზული რისკის ქვეშ დგას.
„ეს საგრანტო დაფინანსებასაც შეეხება. ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა იყო შესაძლებელი და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, მათ შორის, ლარის გაცვლითი კურსი, რომლის შენარჩუნებაზეც ასეულობით მილიონი დოლარს ხარჯავს ეროვნული ბანკი. ისტორიულ მინიმუმზეა ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო თუ საშინაო ფინანსური სტაბილურობის პრობლემები და რისკები ძალიან მაღალ დონეზე დგას. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ რეალურად იზრუნოს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, სწრაფად გახადოს ქვეყანა მოლაპარაკებების ნაწილი და შემდგომ უკვე ევროკავშირის ნაწილი, გამოდის და ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ციფრებით, რომლიდანაც მიღებულ დოვლათს სრულად ინაწილებს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანების და ოჯახების ჯგუფი. რეალურად, გვჭირდება ცვლილებები ყველა მიმართულებით, ეს შეეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებასაც და ეკონომიკასაც. ამიტომ ამ მძიმე მოცემულობის შესაცვლელად ჩვენ გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია არჩევნებზე და ამ ხელისუფლების ოპოზიციაში გაშვება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.