ბექა ლილუაშვილი - არჩევნებზე წარმოდგენილი ვიქნებით ჩვენი პარტიული იდენტობით და პარტიული ნიშნით
არჩევნებზე წარმოდგენილი ვიქნებით ჩვენი პარტიული იდენტობით და პარტიული ნიშნით, 25 ნომრით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ოპოზიციის შეხვედრას, რომელიც წინა კვირაში გაიმართა, პარტია „საქართველოსთვის“ არ ესწრებოდა და არ იცის, რა გადაწყვეტილებები მიიღეს.
„დღეს უნდა გამოაცხადონ გარკვეული გადაწყვეტილებები. ჯერ არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება ეს საკითხი. იქ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დროს შემადგენელი ნაწილები იყვნენ შეკრებილნი და არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღეს და როგორ დამთავრდება. ჩვენ ამ პროცესში ჩართული არ ვყოფილვართ. არჩევნებზე ვიქნებით წარმოდგენილი ჩვენი პარტიული იდენტობით და პარტიული ნიშნით, 25 ნომრით. ამ არჩევნების ამოცანა, მთავარი მისიაა, ოპოზიციურ ფლანგზე შევძლოთ ისეთი კონფიგურაციის შექმნა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ხელისუფლება გავუშვათ ოპოზიციაში ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს და, ყველაზე კარგ შემთხვევაში, მომდევნო პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცეს. ისინი ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი არიან ბიზნესსა თუ პოლიტიკაში. ჩვენთვის მისასალმებელია ყველანაირი კონფიგურაცია, რომელიც ამ მიზნის შესრულების შესაძლებლობას გააძლიერებს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმირებების, კოალიციის შექმნის, გაერთიანების შესაძლებლობას, თუ რაც გინდათ, ის დავარქვათ. ჩვენთვის ეს მაინცდამაინც მისასალმებელი არ არის, მაგრამ მთავარია, წვრილი პარტიები, განსაკუთრებით, ვისაც ერთიანი წარსული და საერთო ფასეულობები აქვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი შლეიფი ისე გაერთიანდნენ, რომ ხმები არ დაიკარგოს და „ქართულ ოცნებას“ მეტი სარგებელი არ მოუტანოს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.