ბექა ლილუაშვილი - არ ვიცი, რა დონეზე უჭერს მხარს ჰერჩინსკი ქარტიას, სულ არ გამიკვირდება, ეთანხმებოდეს დოკუმენტის სულისკვეთებას, სადაც იგივე წერია, რაც ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციაში
ბექა ლილუაშვილი - არ ვიცი, რა დონეზე უჭერს მხარს ჰერჩინსკი ქარტიას, სულ არ გამიკვირდება, ეთანხმებოდეს დოკუმენტის სულისკვეთებას, სადაც იგივე წერია, რაც ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციაში

სულ არ გამიკვირდება, რომ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ეთანხმებოდეს დოკუმენტის სულისკვეთებას, სადაც იგივე წერია, რაც ევროკავშირის მხრიდან გაცემულ ცხრა რეკომენდაციაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ქარტიასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ლილუაშვილის თქმით, ქარტიის გარკვეული ნაწილები ბუნდოვნად მიაჩნია, თუმცა პარტია „საქართველოსთვის“ იზიარებს დოკუმენტის მთავარ მიზანს, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან.

„არ ვიცი, რა დონეზე უჭერს მხარს ჰერჩინსკი ქარტიას და განმარტებები ნამდვილად არ მომისმენია. ალბათ იქნება ამაზე დამატებითი კომენტარი, მაგრამ ფაქტია, რომ ქარტია მოიცავს, მათ შორის, იმ საკითხებს, რომლებიც ასახულია ცხრა რეკომენდაციაში, რაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა. ამიტომ სულ არ გამიკვირდება, რომ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ეთანხმებოდეს დოკუმენტის სულისკვეთებას, სადაც იგივე წერია, რაც ევროკავშირის მხრიდან გაცემულ ცხრა რეკომენდაციაში. ამაში რაღაც სენსაციურს ვერ ვხედავ. ჩვენც ვემხრობით ქარტიის სულისკვეთებას, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნაწილები ჩვენთვის არის აუხსნელი და ბუნდოვანი, ცალკეულ შემთხვევებში, გაუგებარი. მხარს ვუჭერთ მთავარ მიზანს, რომ ქვეყანაში შეიქმნას პროცესი, რომელიც დააჩქარებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, – „თქვენ მხარს არ უჭერთ ქარტიით გაწერილ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ, როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ქარტიას ჰერჩინსკი მხარს უჭერს. ამ შემთხვევაში როგორი პოზიციაა გახარიას გუნდში?“ – ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ეს თუ მართლაც ასეა, მაინც არ არის წინაპირობა იმისა, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ პოზიცია შეცვალოს.

„არ ვიცი, ეს რამდენად ასეა. თუ ასეა, არ არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ წავიდეთ და რადგან ჰერჩინსკი, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, რაღაცას მხარს უჭერს, პოზიცია შევიცვალოთ. თუ ეს ასეა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეა, არ მომისმენია მსგავსი განცხადება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა რეფორმა შესრულდება, სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებლობას აღიდგენენ, რიგგარეშე არჩევნების საჭიროებას ვერ ვხედავთ. არ ვიცი, ზურაბიშვილმა რა აღნიშნა და იგულისხმა ან პროცესი რა იყო შინაარსობრივად, არ ვყოფილვარ ამ ფაქტის მომსწრე“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიისა და ამ ქარტიით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ამასთან, მოგვიანებით ევროკავშირის საელჩოში განმარტეს, რომ „არჩევნები ქართველი ხალხის ხელშია, ევროკავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს და ღიაა მუშაობისთვის ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან“.