ბექა ლილუაშვილი - ანტიკრიზისული გეგმა სოციალური პაკეტის გარდა, კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს
ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გაიმართა, იმ ღონისძიებების გეგმაზეც ვისაუბრეთ, რომელიც საზოგადოების ყოველდღიურ საჭიროებებს უპასუხებს, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა სოციალური პაკეტის გარდა, ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის გამოყოფას კერძო სექტორისთვის.
„მინდა, დაზუსტება გავაკეთო ანტიკრიზისულ პაკეტის იმ ნაწილზე, რომელიც ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემავალი ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობის კომუნიკაციის თვალსაზრისით, დღეს ამ არხის ფორმალიზება მოვახდინეთ და ფორმალურად შევქმენით ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციის საკითხებზე, რომელიც შეეხება ქვეყნის ეკონომიკასა და სამთავრობო, თუ სახელისუფლო გუნდის მუშაობის პროცესს.
დღეს გაიმართა კიდევ ერთი დამატებითი შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, რომელზეც ვისაუბრეთ იმ ღონისძიებების გეგმაზე, რომელიც უკვე უპასუხებს საზოგადოების ყოველდღიურ საჭიროებებს, გარდა იმ ღონისძიებებისა, რაც უკვე გავაკეთეთ. სოციალური პაკეტის გარდა, გეგმა ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის გამოყოფას კერძო სექტორისთვის და დახმარების უზრუნველყოფას, რათა კერძო სექტორმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
ამასთან, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო პოსტკრიზისული გეგმის მონახაზს, განხილული იყო ყველა ღონისძიება, რომელიც შესაძლოა, გატარდეს პოსტკრიზისულ პერიოდში, რათა სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.