ბექა ლილუაშვილი - ახალი პოსტკრიზისული ღონისძიებები კრიზისიდან გამოსვლის პროცესში საქართველოს გლობალური და რეგიონული კონურენტუნარიანობის შეინარჩუნებას ემსახურება
ბექა ლილუაშვილი - ახალი პოსტკრიზისული ღონისძიებები კრიზისიდან გამოსვლის პროცესში საქართველოს გლობალური და რეგიონული კონურენტუნარიანობის შეინარჩუნებას ემსახურება

უკვე ნათელია, რომ ეპიდემიური კრიზისი აუცილებლად გადაივლის და კრიზისიდან გამოსვლის პროცესში ქვეყნებს შორის კონკურენცია ყველაზე მეტად გამწვავდება. სწორედ ამ პროცესში საქართველოს გლობალური და რეგიონული კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება მთავრობის მიერ დაანონსებული პოსტკრიზისული ღონისძიებები, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის და ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ ინიცირებული საკრედიტო-საგარანტიო სქემების საკითხი განიხილეს, რომელზეც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები უკვე მუშაობენ.

გადაცემის მსვლელობისას ლილუაშვილმა სახელმწიფო მიერ კორონავირუსის დასაძლევად შემუშავებული ორი მილიარდი ლარის მოცულობის ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარების პაკეტიც მიმოიხილა, საიდანაც ერთი მილიარდი მთავრობამ ეპიდემიის პრევემციის ეტაპზე გამოყო. მისი განმარტებით, ეს პაკეტი, რომელიც პირველ რიგში ვირუსის მიერ ყველაზე დაზარალებულ სექტორების, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს დახმარებას მოიცავდა სესხებისა სუბსიდირებისა და გადასახადების გადავადების ჩათვლით, ბიზნესის მიერ ლიკვიდობისა და დასაქმების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

ლილუაშვილის თქმით, ეპიდემიის გავრცელებასთან ერთად, ეკონომიკაზე ნეგატიური ეფექტის შერბილების მიზნით, დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდა საჭირო, რადგან გლობალურ დონეზე ვერავინ აკეთებს პროგნოზს, სადამდე გაგრძელდება მიმდინარე კრიზისი. დახმარების ახალი პაკეტი დამატებით 1 მილიარდი ლარის დაფინანსებას გულისხმობს და ძირითადად მოქალაქეთა სოციალურ დახმარებაზე ორიენტირებული. ამის შემდეგ მთავრობამ უკვე პოსტკრიზისულ ეკონომიკის სტიმულირებაზე დაიწყო ფიქრი.

„დავიწყეთ ფიქრი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კრიზისი ეპიდემიოლოგიურ ჭრილში აუცილებლად გადაივლის, ეს ნათელი და ცხადია, რადგან ეს არის გლობალური გამოწვევა. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყნები მათ შორის საქართველოც, დაიწყებენ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. მთავარი კონკურენცია ქვეყნებს შორის სწორედ კრიზისიდან გამოსვლის პროცესში იქნება და აქ მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს როგორც გლობალური, ასევე რეგიონული კონკურენტუნარიანობა. სწორედ ამიტომ დაანონსდა, რომ საჭიროა ახლებური ხედვა და მიდგომა იმ პოსტკრიზისულ ღონისიძიებებთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფომ უნდა გაატაროს, რათა კერძო სექტორმა სწრაფად მოახერხოს კრიზისიდან გამოსვლა, სწრაფად გააქტიუროს ეკონომიკური საქმიანობა, გაზარდოს დასაქმება და მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან და წარმატებულ საწყის მდგომარეობას, რაც კრიზისამდე გვქონდა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი განმარტებით, რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უკვე გადავიდა სექტორულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რათა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა მოხდეს.

„ეს არის პროცესი, როდესაც სექტორული ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ეს რაში გამოიხატება. მაგალითად ამ კრიზისის პერიოდში გაჩნდა ისეთი ეკონომიკური სექტორები, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ არ იყო. საჭიროებამ და რეალობამ მოიტანა. შესაბამისად, სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის პასუხი ამ საჭიროებებზე არის ერთმნიშვნელოვნად მიმართული ესეთი ტიპის სექტორული სტიმულების შექმნისკენ. მაგალითად, აგარის შაქრის თემაზე, იგივე სანიტარიზერების წარმოებაზე, პირბადეების მიმართულებაზე. ჩვენ ახლა ფაქტობრივად ვაყალიბებთ სექტორულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ახალი შესაძლებლობების მაქსიმალური მხარადაჭერისკენ. ეს არის ჩვენი მიდგომა“, – განუცხადა ბექა ლილუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.