ბექა ფერაძე - მიმდინარეობს კონსულტაციები იმ მოთხოვნების დასადგენად, რომელთა შესრულება სკოლებსა და ბაღებს მოუწევთ
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები იმ მოთხოვნების დასადგენად, რომელთა შესრულება სკოლებსა და ბაღებს მოუწევთ.
ფერაძის თქმით, საუბარია როგორც პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაზე, ასევე იმ ფართობის განსაზღვრაზე, სადაც მოსწავლეები დაიშვებიან.
„კერძო სექტორთან და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ის მოთხოვნები, თუ რა კვადრატულობაზე მოხდება ადამიანთა, მოსწავლეთა დაშვება. ჯერ შიდა სამუშაო დოკუმენტია და განხილვას ექვემდებარება. ალბათ, უახლოეს დღეებში შეჯერდება, რა მოთხოვნები იქნება სკოლებისა და ბაღებისთვის წაყენებული. შეიძლება აქცენტი გაკეთდეს არამხოლოდ ფართობზე, არამედ სხვა პრევენციულ ღონისძიებებზე. ამიტომ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. სკოლებსა და საბავშვო ბაღებზე ცოტა განსხვავებული სპეციფიკა იქნება. საბავშვო ბაღის აღსაზრდელს პირბადის ტარებას ვერ მოსთხოვ, რაც შეიძლება სკოლაში მოითხოვო,“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.