ბექა ფერაძე - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ბიზნესოპერატორს, მათ შორის რესტორნებს, დაიცვან პროტოკოლი
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი წესების შესრულების მიმართულებით ხვალიდან ბიზნესობიექტების აქტიური ინსპექტირება იწყება, დარღვევების შემთხვევაში, ობიექტები დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა.
ფერაძის თქმით, შემოწმების შედეგები მომდევნო კვირაში გამოიკვეთება.
„ინსპექტორთა ჯგუფები სხვადასხვა სექტორული მიმართულებით განახორციელებენ შემოწმებებს და დარღვევების შემთხვევაში, სანქცირება იქნება გამოყენებული. ამის მიზანი მეტი პრევენცია, ასევე ის, რომ პროტოკოლი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის მდგრადი გახსნისთვის, ოპერირების შენარჩუნებისთვის და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, იყოს მიღწეული და დამკვიდრებული, რადგან ვირუსი არსად წასულა და ჩვენ ერთად უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება და მუშაობა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისი თქმით, ამ დრომდე შემოწმდა და დადგენილი წესების დაცვის რეკომენდაცია მიეცა დასაქმების 11 ათას ობიექტს. ხარვეზები დაფიქსირდა, თუმცა არა – საგანგაშო.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ბიზნესოპერატორს, მათ შორის რესტორნებს, დაიცვან პროტოკოლი. მონიტორინგი გაგრძელდება პერიოდულად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. თუ ვნახავთ, რომ ამა თუ იმ სექტორში მეტად არის დარღვეული ნორმები, ბუნებრივია, გავაძლიერებთ მონიტორინგს, თუ ვხედავთ, რომ ნაკლებია დარღვევები, ინსპექტირების პროცესი დროში გაწერილი იქნება“, – განაცხდა ბექა ფერაძემ.
ინსპექტირებას ობიექტებში სხვადასხვა მიმართულებით 400-მდე ინსპექტორი განახორციელებს.
რაც შეეხება ჯარიმებს, დასაქმების ობიექტებისთვის ჯარიმის ოდენობა 100-მდე 1000 ლარამდე განისაზღვრება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტის კონტროლი გამკაცრდება.