ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვის პროცესში მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები და საპატრულო პოლიციაც ჩაერთვებიან
ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვის პროცესში მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები და საპატრულო პოლიციაც ჩაერთვებიან

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა შრომის ინსპექციასთან ერთად, მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის აქტიური ჩართულობით მოხდება. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე რამდენიმე თვეა, ტრანსპორტის მიმართ შემუშავებული აქვს რეკომენდაციები, რომლებიც ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს შესრულებული.

ამასთან, როგორც ფერაძე ამბობს, ასევე დამტკიცებულია სკოლების პროტოკოლიც.

„როგორც მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებით, შრომის ინსპექციასთან ერთად, სხვადასხვა მარეგულირებელი და ზედამხედველი უწყებები არიან ჩართული აღსრულების პროცესში. ტრანსპორტი მეტწილად არის დელეგირებული მუნიციპალურ საზედამხედველო სამსახურებზე და საპატრულო პოლიციაზე. ამიტომ, მათი აქტიური ჩართულობით მოხდება რეკომენდაციების დაცვა. თუმცა აღსანიშნავი რაც არის აქ, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე რამდენიმე თვეა, ტრანსპორტის მიმართ შემუშავებული აქვს რეკომენდაციები, პროტოკოლი და არავითარი ცვლილება აქ არ იგეგმება, მთავარია მოხდეს მისი ზედმიწევნით შესრულება.

სკოლებზეც იგივე ვითარებაა, პროტოკოლი ჩვენ დამტკიცებული გვაქვს. ძალიან დეტალურად არის გაწერილი დისტანციის, ჰიგიენის მიმართულებით თუ რა მოთხოვნები გვაქვს. დამატებით რაც არის, ესაა სკოლის ტერიტორიაზე დასაქმებული ადამიანების, იქნება ეს მასწავლებული თუ სხვა ნებისმიერი პირი, სავალდებულო ტესტირების პროცესში იქნებიან ჩართულები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.