ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ბათუმში ობიექტების შემოწმების პროცესი ხვალიდან პირად კონტროლზე ექნება აყვანილი
ბათუმში კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება და მნიშვნელოვანია, რომ ობიექტების შემოწმების პროცესი კონტროლზე იყოს აყვანილი, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ გაემგზავრება ბათუმში და ინსპექტირების პროცესს პირადად გაუწევს კოორდინაციას.
„გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება სოციალური ღონისძიებების მიმართულებით. ასევე, როგორც იცით, მონიტორინგის მექანიზმი ხორციელდებოდა მიმდინარე დღეებში, მათ შორის საზედამხედველო უწყებების ჩართულობით. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად შემოწმდა და კიდევ ერთხელ გაიცა გაფრთხილებები სხვადასხვა ობიექტზე, კვების ობიექტებზე, რათა მოხდეს მაქსიმალურად დაცვა, რადგან ხვალიდან უკვე იკრძალება სოციალური ღონისძიებები და გარკვეულწილად მეტად წესდება აკრძალვები.
ხვალ უშუალოდ გავუწევ კოორდინაციას, გავემგზავრები ბათუმში, სადაც მოვახდენთ ინსპექტირებას და პირად კონტროლზე იქნება აყვანილი ეს პროცესი. როგორც იცით, ბათუმში ფიქსირდება მომატებული კოვიდინფიცირებულების რაოდენობა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კონტროლზე იყოს აყვანილი“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.