პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ბევრი კომენტარი გაკეთდა და დღეს უკვე მიზანშეწონილია, რომ საზოგადოებას უფრო ფართო სურათში დავანახოთ, რა იყო მოსარჩელეების ნამდვილი მიზანი და რა საფრთხეები აიცილა ამ გადაწყვეტილებით ჩვენმა ქვეყანამ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
ძამაშვილის თქმით, რეალურად, საქმეს ჰქონდა სამი დანიშნულება, სამართლებრივი, ეკონომიკურ-ფინანსური და პოლიტიკური.
„სწორედ სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტაზე იყო დამოკიდებული, რა რისკები და შედეგები მოჰყვებოდა ამას ფინანსურ-ეკონომიკურად და პოლიტიკურად ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვიხარია, რომ ამ დავის მოგებით ქვეყანამ თავიდან აიცილა ძალიან სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები. კერძოდ, საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ მოსარჩელეები საქართველოს ბიუჯეტიდან ითხოვდნენ მილიარდ-ნახევარი დოლარის ოდენობით კომპენსაციას. ეს იყო დაახლოებით 4 მილიარდი ლარი. წარმოიდგინეთ, ახლა ამას არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული ეკონომიკური განათლება, ყველასთვის კარგად გასაგებია, რა შედეგი მოჰყვებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ფინანსური სექტორისთვის ამ დავის წაგებას. 4 მილიარდი ლარის მოთხოვნა კიდევ უფრო აბსურდულია იმ განცხადებების ფონზე, რაც გუშინ თავად მოსარჩელე მხარის მიერ გაკეთდა. ფაქტობრივად, მათ აღიარეს, რომ ინვესტიცია ჩადეს მხოლოდ 80 მილიონის ოდენობით. ესეც საკითხავია, რამდენად რეალურად ჩაიდო, მაგრამ მათ ვერსიასაც რომ დავეთანხმოთ, იყო 80 მილიონის ოდენობის ინვესტიცია, თუმცა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და ჩვენი მოსახლეობისგან, გადასახადების გადამხდელებისგან ითხოვდნენ მილიარდ-ნახევარ დოლარს. რა შეიძლება, ამას დაერქვას? ან სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრების მცდელობა, ან სახელმწიფოს ეკონომიკურ-ფინანსური კოლაფსის მცდელობა, ან ორივე ერთად, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენმა ქვეყანამ ეს რისკები აირიდა“, – აღნიშნა ძამაშვილმა.
მისივე თმით, ყველასთვის გასაგებია, რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, ეს დავა სახელმწიფოს რომ წაეგო.
„სულ რაღაც ორ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი და ქაოსი შეიძლებოდა გამოეწვია თუნდაც მცირედით ამ საქმის წაგებას. ჩვენ არაერთი საქმე გვინახავს, როდესაც ხელოვნურად ხდება აჟიოტაჟის შექმნა თითქოს რაღაც პოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენმა სახელმწიფომ ყველა ჯერზე დაამტკიცა სიმართლე. ამ შემთხვევაშიც, უკვე პოლიტიკური კუთხით რომ შევაფასოთ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა, ხელწერა იყო იგივე, როგორც ჩვენ ადრეც გვქონია.
მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში სხვადასხვა პოლიტიკოსის, ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან შეტანილ საჩივრებზე აბსოლუტურად ერთნაირი სცენარი იყო. ჯერ ქვეყნის შიგნით იქმნებოდა ვითომდა საზოგადოებრივი აზრი და ამაში ჩართული იყო არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, მათ მიერ მართული ტელევიზიები, შიდა თუ გარე აქტორები და იქმნებოდა თითქოსდა აზრი, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც საქმეა პოლიტიზებული, მართლმსაჯულების სისტემა არ მუშაობს და იყო მცდელობა, რომ საერთაშორისო სასამართლოში ერთი საქმე მაინც მოეგოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბუნებრივია, მათი ინტერესი არ იყო რაღაც უფლებების დაცვა ან სამართლებრივი საკითხის მოგვარება, ინტერესი იყო, შემდეგ აქედან მიეღოთ დიდი პოლიტიკური სარგებელი.
ანაკლიის საქმის შემთხვევაშიც იდენტური სცენარი იყო. მთლიანად წინა ხაზზე წამოწეული იყო პოლიტიკური ფაქტორი, თითქოს ეს იყო პოლიტიზებული საქმე, თუმცა აწ უკვე პარიზის არბიტრაჟმა გასცა ამ კითხვაზე პასუხი და დაადასტურა, რომ არანაირი პოლიტიკური ჩარევა არ ყოფილა არც მართლმსაჯულების სისტემაში, არც რაიმე გადაწყვეტილებაში და სწორედ მოსარჩელის ბრალეულობით მოხდა ამ ვალდებულების ვერშესრულება. საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო არბიტრაჟებში ამდენი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩვენი მოლოდინია, რომ შეწყდება სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ეს თამაშები, რათა როგორმე სადმე სახელმწიფომ წააგოს და მიიღოს სერიოზული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური თუ სამართლებრივი ზიანი. იუსტიციის სამინისტრო აქამდეც იცავდა წარმატებით, კვალიფიციურად სახელმწიფოს ინტერესებს და მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას.
რაც შეეხება მათ განცხადებებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა რისკი ავიცილეთ. მართლა რომ რაღაცაში მოეგო მოსარჩელე მხარეს, სატელევიზიო სივრცეში ამბავი შეიქმნებოდა საქართველოს წინააღმდეგ. სრულად წააგეს სარჩელი და ახლა მოიგონეს ახალი ამბავი, თითქოს არცერთ მხარეს არ მოუგია საქმე. წარმოიდგინეთ, სახელმწიფოსგან ითხოვდნენ მილიარდ-ნახევრის ანაზღაურებას, დარღვევის დადგენას, არაფერი არ დაუკმაყოფილდათ და თითქოს არაფერი არ მოუგია არც სახელმწიფოს და არც მათ. ეს არის ნარატივი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამხელა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინათ სატელევიზიო სივრცეზე“, – აღნიშნა ძამაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 650 ათასი დოლარის გადახდის დაკისრება კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორედ მათ წააგეს საქმე, სხვა შემთხვევაში საქართველოს დაეკისრებოდა ამ თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
„მათ ჯერ მიეცემათ შესაძლებლობა, საარბიტრაჟო პროცედურების შესაბამისად, საკუთარი ნებით გადაიხადონ ეს თანხა. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ ვალდებულებას, შემდეგ გაწერილია პროცედურები როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურებში, ასევე უკვე ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში, როგორ უნდა მოხდეს იძულების წესით გადახდა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.