ბექა ძამაშვილი - სტრასბურგში მაისში გამართული სხდომის ნახვის შემდეგ მოსახლეობა, მათ შორის ჯარისკაცები დაინახავენ, რომ იქ სახელმწიფო მთლიანად მათი ინტერესების დაცვისკენაა მოწოდებული
ძალიან კარგი იქნება, აჩვენოთ 23 მაისის სხდომა, რომელიც სტრასბურგში გაიმართა და მოსახლეობა, მათ შორის ჯარისკაცები დაინახავენ, რომ იქ სახელმწიფო მთლიანად მათი ინტერესების დაცვისკენაა მოწოდებული, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.
„სახელმწიფო იმისთვის არის, რომ საერთაშორისო სასამართლოებში თითოეული ჯარისკაცის და თითოეული მოქალაქის ინტერესები დაიცვას. ჩვენ იმიტომ ვმუშაობთ, რომ იმ ინდივიდების პასუხისმგებლობა დადგეს, ვინც ქართველი მოსახლეობის, მათ შორის, ქართველი ჯარისკაცების წინაშე ჩაიდინეს დანაშაული. იმისთვის, რომ მოსახლეობას არ დარჩეს ეჭვები, რა პროცესები მიდის საერთაშორისო სასამართლოებში და ჩვენი სახელმწიფო რას იცავს, ძალიან კარგი იქნება, 23 მაისის სხდომა ეთერში აჩვენოთ, რომელიც სტრასბურგში გაიმართა“, – განაცხადა ძამაშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოებით საქართველო ცდილობს, პირველად, სამართლებრივი შეფასება მიეცეს იმას, რაც მოხდა 2008 წელს.
„აქამდე გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების შეფასებები და არაერთი დოკუმენტი. თუმცა, ეს პირველი სამართლებრივი შეფასება იქნება, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, რომ 2008 წელს საქართველო იყო მსხვერპლი და რუსეთი – აგრესორი. ეს ყველაფერი დადასტურდეს არამხოლოდ განცხადებებით, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებებით, რაც მნიშვნელოვანი იქნება არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისთვის და დეოკუპაციისთვის“, – განაცხადა ძამაშვილმა.
როგორც ძამაშვილმა აღნიშნა, რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შემდეგ, პარალელურ პროცესებს წაეხმარება, იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური, თუ სხვა პროცესები.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს გურამ ნიკოლაშვილის შეკითხვაზე, წარადგინა თუ არა რუსეთმა ჰააგის სასამართლოზე ამონარიდები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან და თუ წარადგინა, რა გავლენა აქვს ამას სამართლებრივ პროცესზე, ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოსული იყვნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც ქართველმა ჟურნალისტებმა ეს კითხვა დაუსვეს, მათ კი უპასუხეს, რომ „საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით და არა პოლიტიკოსების, თუ სხვა პირების შეფასებებზე დაყრდნობით“.
„ეს იყო პირდაპირი პასუხი და იყო საერთაშორისო სასამართლოს პოზიცია, თუ როგორ ფიქრობს და უყურებს ის ამას. ეს არის წესი, თუ როგორ მუშაობს საერთაშორისო სასამართლო. წარდგენილი შეიძლება, ბევრი რაღაც ყოფილიყო, რელევანტური თუ არარელევანტური, მაგრამ სასამართლომ საჩივარი სულ სხვა მოტივით არ მიიღო“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.