ბექა ძამაშვილი - გიგი უგულავას საქმეზე სასამართლომ დამატებით განმარტა - ის, რომ ადამიანი არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, არ ნიშნავს იმუნიტეტს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან
ხარვეზები, რომლებიც დაინახა ევროპულმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე, შეეხებოდა მხოლოდ წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხს და ამ გაგრძელების დროს მოსამართლის მხრიდან დასაბუთების სტანდარტს, ეს 2015 წლამდე არსებული პრაქტიკა იყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ 2014 წელს გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ ჰქონია პოლიტიკური მიზნები.
„კერძოდ, მომჩივანი ამ საქმის ფარგლებში დავობდა იმაზე, რომ მის დაკავებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ ის ჩამოშორებულიყო პოლიტიკური ცხოვრებიდან, თუმცა ევროპულმა სასამართლომ ეს არ გაიზიარა. სასამართლომ დამატებით განმარტა – ის, რომ ადამიანი არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, არ ნიშნავს იმუნიტეტს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და ამ კონკრეტულ საქმეში არანაირი პოლიტიკური მოტივები არ იკვეთება“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპული სასამართლო აგრეთვე შეეხო შიდა სასამართლოების დამოუკიდებლობის საკითხსაც, რადგან მომჩივანი ამტკიცებდა, რომ შიდა სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი.
„ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, თითქოს შიდა, ეროვნული სასამართლოები არ ყოფილან ამ საქმეზე დამოუკიდებლები. შესაბამისად, მომჩივნის მთავარი მოთხოვნა ამ საქმეში არ დაკმაყოფილდა. ის ხარვეზები, რომლებიც დაინახა ევროპულმა სასამართლომ, შეეხებოდა მხოლოდ წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხს და ამ გაგრძელების დროს მოსამართლის მხრიდან დასაბუთების სტანდარტს. ეს 2015 წლამდე არსებული პრაქტიკა იყო და ჯერ კიდევ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, უკვე 2015 წლის შემდეგ შეცვლილია როგორც სასამართლო პრაქტიკა, ისე საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.