ბექა ძამაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, პირიქით, თავად მომჩივანს დაჟინებით მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა
ბექა ძამაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, პირიქით, თავად მომჩივანს დაჟინებით მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს პოზიცია სწორედ ეს იყო, რომ პატიმარს შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო მისი ჯანმრთელობისთვის, ახლა იგივე მოწოდება უმაღლესი სასამართლო ინსტანციიდან მივიღეთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღეს შევიდა საჩივარი „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოში, სადაც მომჩივანი ითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობას დაკისრებოდა ვალდებულება მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ევროპულმა სასამართლომ ეს მოთხოვნა განიხილა, არ დააკმაყოფილა და პირიქით, თავად მომჩივანს დაჟინებით მოუწოდა, ეს არის პირდაპირი ტერმინი, რომელიც წერია ამ გადაწყვეტილებაში, დაჟინებით მოუწოდა, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობამ 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს პოზიცია სწორედ ეს იყო, რომ პატიმარს უნდა შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო მისი ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, ახლა იგივე მოწოდება უმაღლესი სასამართლო ინსტანციიდან მივიღეთ ჩვენ პატიმრის მიმართ, რომ მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მთავარია, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა სწორი პოზიცია და სამწუხაროდ, მეორე მხრიდან მსგავსი მოწოდება აქამდე თითქმის არ გაჟღერებულა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ შეწყდება შიმშილობა“,- აღნიშნა ძამაშვილმა „იმედის“ ეთერში.

ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.

„როდესაც საჩივარში წერია, რომ მთავრობას დაეკისროს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და სანაცვლოდ, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ მომჩივანმა თავად უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ძალიან მარტივი შესაფასებელია, რომ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და პირიქით, სასამართლომ მომჩივანს მოუწოდა ამ ქმედებისკენ. ინტერპრეტაციისთვის სივრცეც არ რჩება, იმდენად მკიაფიოდ არის ეს ჩაწერილი გადაწყვეტილებაში“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.