ბექა ძამაშვილი - საქართველოს აბრალებდნენ ცხინვალის დაბომბვას და ეს საჩივარი შეიტანა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ
საქართველოს აბრალებდნენ ცხინვალის დაბომბვას და ეს საჩივარი შეიტანა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ამას შეეხებოდა ჩემი ფეისბუქპოსტი და რა გააჟღერა ბატონმა გიორგიმ? – თითქოს მე რაღაც დავაბრალე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა წარმოაჩინა ცუდ კონტექსტში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა გიორგი ბურჯანაძის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ძამაშვილმა აღნიშნა, სამარცხვინოა საკუთარი სახელმწიფოსთვის ცხინვალის დაბომბვის დაბრალება.
„ჩემი ფეისბუქპოსტი, რომელიც აქ გაჟღერდა, ეხებოდა იმას, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შევიდა 3 300-მდე საჩივარი, რომელიც იყო რუსეთის მიერ ორკესტრირებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ 3 300 საჩივარში აღმოჩნდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი საჩივარიც. შინაარსს დააკვირდით, დიახ, საქართველოს წინააღმდეგ, ცხინვალის დაბომბვას აბრალებდნენ საქართველოს. ჩვენ საერთოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი შეიძლებოდა შეგვეწყვიტა. ძალიან გთხოვთ, ნუ ითამაშებთ ქვეყნის ინტერესებით და ნუ შეეხებით სუვერენიტეტს. ცხინვალის დაბომბვას რომ დააბრალებთ სახელმწიფოს, ეს არის წითელი ხაზი. სამარცხვინოა საკუთარი სახელმწიფოსთვის ცხინვალის დაბომბვის დაბრალება“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო განხილვისას.