ბექა ძამაშვილი - საქართველომ სტრასბურგში მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, გამოიკვეთა რუსეთის მიერ ოკუპაციის ფაქტი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულება 90-იანი წლებიდან დღემდე
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ აფხაზეთზე სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ეფექტურ კონტროლს რუსეთი ომამდეც ახორციელებდა, შესაბამისად, ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაუდგინდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ომის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს უკვე მოგებული ჰქონდა აბსოლუტურად ყველა დავა, როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოში. დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქმეზე „მამასახლისი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა უკვე 2008 წლის ომამდე პერიოდზეც გამოიკვეთა. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ომამდეც აფხაზეთზე სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ეფექტურ კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა, შესაბამისად, აქ ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაუდგინდა.
საქართველოს მთავრობის გონივრული და პრინციპული ძალისხმევის შედეგად, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ახორციელებს, დღეს უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ყველა დავა სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში მოგებულია, როგორც ომის, ომის შემდგომ და დღეს უკვე ომამდე პერიოდზეც. გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის ფაქტი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის უწყვეტი ვალდებულება 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, განგრძობადი ოკუპაციის ფარგლებში“, – აღიშნა ძამაშვილმა.