ბექა ძამაშვილი - როგორც წერილიდან, ისე გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ „რუსთავი 2“-სთვის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაწესებული დროებითი ღონისძიება არის მოხსნილი
როგორც წერილიდან, ისე გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული დროებითი ღონისძიება არის მოხსნილი, ეს ღონისძიება არ საჩივრდება, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
როგორც ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილებით მოხსნილია 18 ივლისიდან ის ხელშემშლელი გარემოება, რაც იყო წინაპირობა, რომ 2017 წლის 2 მარტის უზენაესი სასამართლოა გადაწყვეტილება აქამდე ვერ სრულდებოდა.
„არ საჩივრდება, რადგან ეს არ არის გადაწყვეტილების შინაარსობრივი ნაწილი. ეს არის პროცედურული საკითხი და ამის მარტივი დადასტურება, რის გამოც ვერ საჩივრდება, არის თუნდაც ის, რომ ორი წლის წინ, როდესაც მისი აღსრულება მთავრობას დაეკისრა, მაშინ მთავრობამაც ვერ გაასაჩივრა. გასაჩივრებას რომ ექვემდებარებოდეს, მაშინ მთავრობაც გაასაჩივრებდა. აგრეთვე არ საჩივრდება 18 ივლისის გადაწყვეტილების დიდი ნაწილი. კერძოდ, გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც დაუშვებლად გამოცხადდა. ეს ეხება დანარჩენი მომჩივნების საჩივარს საკუთრების დავასთან დაკავშირებით. ესენი დაუშვებლად გამოცხადდა და დიდი პალატის პრაქტიკაა, რომ ის ასეთ საჩივრებს აღარ იღებს განსახილველად. ერთადერთი რისი გასაჩივრების უფლებაც მხარეს დარჩა, ეს არის მეექვსე მუხლი. კონკრეტულად მოსამართლეების მიკერძოებულობის ნაწილში, რამდენადაც ამ ნაწილში სასამართლომ არსებითაც იმსჯელა. დაუშვებლად არ უცვნია, დასაშვებად ცნო. შესაბამისად, თეორიული შესაძლებლობა, თუ რამე შეიძლება დიდ პალატაში წავიდეს, შეეხება მხოლოდ ამ ნაწილს“, – განაცხადა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ და მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება კი არ აღასრულა, აღასრულა უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია და რომელიც არ სრულდებოდა სტრასბურგის დროებითი ღონისძიების გამო, ეს დროებითი ღონისძიება მოიხსნა.
„ეს აღარ საჩივრდება, შესაბამისად აღარ არსებობს წინააღმდეგობა. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი. რაც შეეხება იმას, რა შედეგები შეიძლება მოყვეს გასაჩივრებას, ეს არის მხარის უფლება“, – განაცხადა ძამაშვილმა.