ბექა ძამაშვილი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, მირსალეჰ საიდოვს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, მირსალეჰ საიდოვს შეხვდა.
შეხვედრა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
აზერბაიჯანს ქართულმა მხარემ პენიტენციურ სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. კერძოდ, იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ყველა ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სთავაზობს; „ციფრული უნივერსიტეტი“, რომლის საშუალებითაც სწავლების რეჟიმი ონლაინ, ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციით მიმდინარეობს; „პრობბოქსი“, რომლითაც პრობაციონერები რეგისტრაციას და მომსახურების მიღებას პრობაციის ბიუროებში გამოუცხადებლად იღებენ; ონლაინმაღაზია „რე-მარკეტი“, სადაც მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთები იყიდება და შემოსავალს იღებენ მსჯავრდებულები.
ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის განხორციელებულ პროგრამებს; მცირე ზომის ციხეების მშენებლობას. პირველი ასეთი დაწესებულება უახლოეს ხანში დაბა ლაითურში გაიხსნება; უკვე მიმდინარეობს რუსთავში მცირე ზომის ციხის მშენებლობაც. მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებები სისტემის ეფექტურად მართვისა და მსჯავრდებულებთან ინდივიდუალური მიდგომებისა და პროგრამების ეფექტური განხორციელების შესაძლებლობებს ზრდის; გარდა ამისა, რისკების მართვისა და მსჯავრდებულთა მოთხოვნებზე მეტად ორიენტირებული იქნება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მუდმივი გადამზადების მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნება კონფერენციის ბოლო დღეს, 3 ნოემბერს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა აღნიშნეს, რომ პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტების განხორციელების კუთხით გამოცდილების გაზიარება და შემდგომი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც დიდად შეუწყობს ხელს თბილისში გამართული სამდღიანი საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენცია.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.