ბექა ძამაშვილი - 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში დავობდნენ ევროპული კონვენციის ხუთი მუხლის დარღვევაზე, სასამართლომ დარღვევა დაადგინა მხოლოდ ერთ მუხლთან მიმართებაში, ისიც ნაწილობრივ
სტრასბურგის სასამართლოში დავობდნენ ევროპული კონვენციის ხუთი მუხლის დარღვევაზე და, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა მხოლოდ ერთ მუხლთან მიმართებაში, ისიც ნაწილობრივ, მხოლოდ გამოძიების ეფექტიანობის კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
ძამაშვილის განმარტებით, საქმე შეეხებოდა 20 ივნისის აქციების დროს სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს და ძალას.
„ეს გადაწყვეტილება სახელმძღვანელო არის უფრო ფართო კონტექსტშიც, ზოგადად როდის აქვს შესაძლებლობა სახელმწიფოს, გამოიყენოს ძალა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ როდესაც პროტესტანტები, დემონსტრანტები ახდენენ პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმას, არის მცდელობა, გაარღვიონ პოლიციის კორდონი და სახელმწიფო უწყებებზე მოხდეს ძალადობრივი თავდასხმა, ამ შემთხვევაში საუბარია პარლამენტის შენობაზე, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, გამოიყენოს ძალა. უფრო მეტიც, როდესაც ცალკეული დემონსტრანტების მხრიდან ხდება განსაკუთრებით ძალადობრივი ფორმების გამოყენება, თუ სამართალდამცავს გაუჩნდება განცდა, რომ საფრთხე ექმნება საკუთარ ან სხვების სიცოცხლეს, ამ საფრთხის ასარიდებლად ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია, რეზინის ტყვიების გამოყენებაც კი იყოს გამართლებულიო, ეს არის ევროპული სასამართლოს შეფასება“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
ბექა ძამაშვილის თქმით, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მოუწოდა, გამოძიება დროულად დასრულდეს და კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეს.
„რაც შეეხება იმ ნაწილს, რა ნაწილშიც დარღვევა დადგინდა, ესაა გამოძიების საკითხი. ვიდრე გამოძიების ხარვეზებზე ყურადღებას გავამახვილებდე, ვიტყვი, რომ ევროპულმა სასამართლომ პოზიტიურად შეაფასა გარემოება, რომ გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ და წარმართა პროკურატურამ, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო. აგრეთვე, საუბარია, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა კოვიდპანდემიას და გასათვალისწინებელია, რომ ეს პერიოდი გაიწელა. პოზიტიურად არის შეფასებული, რომ დაზარალებულთა უმეტესობას მიენიჭა შესაბამისი სტატუსი. ყურადღება გამახვილებულია გამჭვირვალობაზე, რომ მიუხედავად იმისა, საქმეში იყო გრიფიანი მასალები, სახალხო დამცველს მაინც მიეცა შესაძლებლობა, ჰქონოდა წვდომა საქმეზე. შემდეგ სახალხო დამცველმა ანგარიშიც გამოაქვეყნა. მიუხედავად ამ გარემოებისა, გამოძიების ნაწილში ევროპულმა სასამართლომ მაინც დაადგინა ხარვეზი, რადგან მისი შეფასებით, უკვე ოთხ წელიწად-ნახევარია, გრძელდება გამოძიება და საქმეზე არ არის შემაჯამებელი, საბოლოო სურათი, საბოლოო დასკვნა, რომელიც სრულად აღწერდა იმ გარემოებებს, რა გარემოებებში მოხდა ძალის გამოყენება და ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ხომ არ ჰქონია ძალის გადამეტებას. მხოლოდ ერთი მუხლის ნაწილში დადგინდა დარღვევა და არსებით ნაწილზე, მესამე მუხლზე ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არსებით ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. საქმეში არ არის რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებითად მესამე მუხლს დაარღვევდა. ამ დარღვევისთვის მომჩივნებს მიენიჭათ კომპესაცია. ერთადერთი, რაც ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მოუწოდა, არის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეს“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ბექა ძამაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ხასიათს და ადგილი ექნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივ თავდასხმას, სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები.
„რაც შეეხება დარღვევას, ევროპული სასამართლო ამ ნაწილში არ მსჯელობს, რომ იყო კონკრეტული დარღვევა, პირიქით, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ეს არის შიდა დონეზე გამოძიების საკითხი. ცალკეული პირის მხრიდან იყო თუ არა რაიმე ნაწილში რაიმე სახის გადაცდომა, ეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს. სწორედ ამისკენ მიუთითა ევროპულმა სასამართლომ, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე და მხედველობაში მიიღოს ის გარემოება, რომელიმე პირის მხრიდან ძალის გადამეტებას ან რაიმე უფლებამოსილების გადამეტებას ხომ არ ჰქონია ადგილი“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციების საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.