სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი ზიმბაბვეს ახალგაზრდობის, სპორტის, ხელოვნებისა და რეკრეაციის მინისტრს შეხვდა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი ზიმბაბვეს ახალგაზრდობის, სპორტის, ხელოვნებისა და რეკრეაციის მინისტრს კირსტი კოვენტრის შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესაძლო სფეროები.
ჰარარეში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა დვალმა განაცხადა, რომ არის რამდენიმე სფერო, სადაც საქართველოსა და ზიმბაბვეს თანამშროლობა შეუძლიათ. მათ შორის შეხვედრის დროს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტზე, ხელოვნებასა და კულტურაზე.
„რაც შეეხება სპორტს, ამ სფეროში საქართველოს თავისი პრიორიტეტები აქვს, რაგბიდან ჭადრაკამდე, ცურვამდე და წყალბურთამდე. ზიმბაბვე ასევე ცდილობს, რომ სპორტის სფეროში თავისი პრიორიტეტები ჰქონდეს. ჩვენი დიალოგი ეხება იმას, თუ სად ემთხვევა ჩვენი პრიორიტეტები და რა არის შესაძლო თანამშრომლობის სფეროები“, – აღნიშნა დვალმა.
კირსტი კოვენტრის განცხადებით, საქართველო რაგბიში ყოველთვის ძლიერი იყო.
„ალბათ იცით, საქართველოს მიდგომა რაგბისა და ფეხბურთისადმი. ასევეა ჩვენიც. საქართველო ყოველთვის ძალიან ძლიერი იყო რაგბიში და თუ არის რამე, რაც შეგვიძლია ვისწავლოთ, არსებობს პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მათ მოთამაშეებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ აქ და ეთამაშონ ჩვენს სპორტსმენებს. ამგვარად ისინი უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენენ. ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენს სპორტსმენებს სჭირდებათ. საქართველოს დიდი კულტურა გააჩნია სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას და ვნახავთ, როგორ შეგვიძლია დიალოგის გაძლიერება“, – განაცხადა ზიმბაბვეს ახალგაზრდობის, სპორტის, ხელოვნებისა და რეკრეაციის მინისტრმა კირსტი კოვენტრიმ.