ბექა დოჭვირი - საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობა და პარლამენტი პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედებდნენ კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეგულაციები სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მოქმედებდნენ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა.
მისი განმარტებით, სარჩელების ავტორები სასამართლოში ასაჩივრებდნენ პარლამენტის მიერ მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირებას, რომელიც მოიცავდა კორონავირუსის პანდემიის სამართავად საკარანტინო წესების დადგენას.
„დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ოთხ კონსტიტუციურ სარჩელზე. მხარეები სასამართლოში ასაჩივრებდნენ პარლამენტის მიერ მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირებას, რომელიც მოიცავდა კორონავირუსის პანდემიის სამართავად საკარანტინო წესების დადგენას. საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის გავრცელების პრევენციისათვის განისაზღვრა მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა და ასევე, დაწესდა კარანტინისა და იზოლაციის წესები. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული რეგულაციები სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მოქმედებდნენ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საკონსტიტუციო სარჩელებზე – „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“. სასამართლომ საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებული სარჩელის ძირითადი ნაწილი არ დააკმაყოფილა.