ბექა დავითულიანი - ზელენსკი თავის მოქალაქე სააკაშვილზე თუ ზრუნავს და წუხს, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებაზე, მოქალაქეებზე ვზრუნავთ, ჯერ ჩვენს სახელმწიფოს ვცემთ პატივს, შემდეგ სხვა ქვეყნებს და მათ მმართველებს
ბექა დავითულიანი - ზელენსკი თავის მოქალაქე სააკაშვილზე თუ ზრუნავს და წუხს, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებაზე, მოქალაქეებზე ვზრუნავთ, ჯერ ჩვენს სახელმწიფოს ვცემთ პატივს, შემდეგ სხვა ქვეყნებს და მათ მმართველებს

ზელენსკი თუ ზრუნავს თავის მოქალაქეზე და წუხს, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებაზე, ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ და ამისი უფლება გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანი სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილზე საუბრობს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე და მასზე წუხს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. ჩემი პასუხია – ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ცხრა მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში. შესაბამისად, თუ ის ზრუნავს თავის მოქალაქეზე და წუხს, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებაზე, ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ და ჩვენ ამისი უფლება გვაქვს. არ უნდა დაავიწყდეს ზელენსკის, რომ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში პირდაპირ არის ბრალდებული და თავადაც ამას ვერ უარყოფს. გადმოკვეთა უკრაინიდან საქართველოს საზღვარი უკანონოდ, შესაბამისად, საქართველოს მართლმსაჯულება სრულდება ისე, როგორც ამას მოითხოვს ქართული კანონმდებლობა და ჩვენ ჯერ ჩვენს თავს და სახელმწიფოს ვცემთ პატივს, შემდეგ სხვა ქვეყნებს და მათ მმართველებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დავითულიანმა მოუწოდა სააკაშვილს, დაექვემდებაროს ექიმების რჩევებს.

„რა თქმა უნდა, პენიტენციური სისტემა პასუხს აგებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. ამიტომ მოვუწოდებ, მიხეილ სააკაშვილს დაექვემდებაროს ექიმების რჩევებს და მიიღოს საკვები“, – განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, დავითულიანი გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას სააკაშვილის განცხადებას, რომ უკრაინის გამარჯვებამდე თუ ვერ იცოცხლებს, მისი გული უნდა იყოს დამარხული კიევში.

„არ ვიცი, საქართველოს პრეზიდენტი რომ იყავი კაცი და შემდეგ შენს გულს სხვაგან აგზავნი ფოსტით, ცოტა უხერხულია“, – განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება საკააშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს, დავითულიანი მიიჩნევს, რომ ეს წინაწარ ორგანიზებული კამპანიაა.

„მგონია, რომ ეს არის წინასწარ ორგანიზებული კამპანია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ლობისტური კომპანია ჰყავს ნაქირავები მიხეილ სააკაშვილის ოჯახს. რაღაც პიარგეგმა არსებობს, რომელსაც მივყვებით. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა აჩვენა კამერებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიგამხდრის კოეფიციენტი. პირდაპირ დაორგანიზდა ევროკავშირში EPP-ის მიერ დებატები ამ საკითხზე. რომ იდებატებენ, იქნებ ბოლოს გვითხრან, რა უნდა ქნას საქართველომ. რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად – გაუშვით კი არა, როგორ უნდა გავუშვათ ან რატომ უნდა გავუშვათ, ეს გვითხრან“, – აღნიშნა დავითულიანმა.