ბექა დავითულიანი - ვენეციის კომისია გვეუბნება, კონსტიტუციიდან ამოვიღოთ ნორმა, რომ ქორწინება ქალისა და კაცის ერთობას ნიშნავს, საქართველოს მოსახლეობა ასე არ ფიქრობს
გვეუბნებიან, არათუ შეზღუდვები უნდა დააწესო, კონსტიტუციიდან უნდა ამოიღო ნორმა, რომ ქორწინება ქალისა და კაცის ერთობას ნიშნავს, საქართველოს მოსახლეობა ასე არ ფიქრობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას გამოეხმაურა.
„ამ კანონზე ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეხება მხოლოდ ტელეეთერებში გარკვეული სცენების არდაშვებას და კინოთეატრებში 18+ ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას. ასევე ეხება საბავშვო ლიტერატურაში მსგავსი სცენების არდაშვებას. ვენეციის კომისიას აპრიორი ცუდი დამოკიდებულება აქვს. ამ თემას როცა ეხები, ერთგვარი ხელშეუხებელი თემაა. გვეუბნებიან, არა თუ ეს შეზღუდვები უნდა დააწესო, არამედ კონსტიტუციაში რომ გიწერია, ქორწინება ქალისა და კაცის ერთობას ნიშნავსო, ეს ნორმაც უნდა ამოიღო, რადგან ეს შეზღუდვა ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ვრცელდებოდეს. ჩვენ და საქართველოს მოსახლეობა ასე არ ვფიქრობთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.