ბექა დავითულიანი - სიმბოლიკის დევნა „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი იყო
ბექა დავითულიანი - სიმბოლიკის დევნა „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი იყო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა მიწისქვეშა პარკინგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა თანხმდება იმაზე, რომ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა სწორია.

„საჭიროა რამდენიმე საკითხის სახელდება მოვახდინოთ. კერძოდ, მიწისქვეშა პარკინგი რომ კარგია, ამაზე ვთანხმდებით. პუშკინის სკვერის ერთ ლარად გადაცემა ოპოზიციისთვის პრობლემური მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდებოდა. არცერთი სხვა ინვესტორის მიმართ ოპოზიციას არ აქვს პრეტენზიები, რადგან ეს ქალაქისთვის სასიკეთოა და ამას მივესალმებით,“- განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება ვარდების მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს, ბექა დავითულიანის თქმით, სიმბოლიკის დევნაზე თუ ვსაუბრობთ, ეს მართლა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი.

დავითულიანის განცხადებით, ამის ნათელი მაგალითი იყო, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი, სრულიად უცერემონიოდ აიღეს და გადადგეს რესპუბლიკის მოედნიდან დიღომში და ამ ადგილს ვარდების რევოლუციის სახელი დაარქვეს.

„ისევე როგორც ბოლშევიკები და მანამდე რელიგიური დამპყრობლები დევნიდნენ წინა სიმბოლიკას, რომ მის ადგილზე თავი დაემკვიდრებინათ, ისე დევნიდით თქვენც. ვარდების რევოლუცია რომ ფასეულობაა, ამაზე არ ვდაობთ. მაგრამ შეუდარებლად დაბალი ხარისხის ფასეულობაა, ვიდრე პირველი რესპუბლიკა. სწორედ პირველი რესპუბლიკის საფუძველზე გაგვაჩნია დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამიტომ ამაზე დავა არასერიოზულია,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.