ბექა დავითულიანი - სასაცილო განახლებაა, არმაზ ახვლედიანი მივიდა, კორძაია ისედაც მათი სიით გავიდა, შანსები სახელის ცვლილებით არ შეიცვლება, ბეთქილი რომ დავირქვა, რა შეიცვლება ჩემში?
სასაცილო განახლება გააკეთეს, „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები სახელის ცვლილებით არ შეიცვლება, მძიმე მემკვიდრეობას ვერ ჩამოირეცხავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებას გამოეხმაურა.
„გუშინ სასაცილო განახლება მოახდინეს. რა განახლდა? არმაზ ახვლედიანი მივიდა, რომელიც ყველა პარტიაში იყო, კორძაია ისედაც მათი სიით გავიდა. მათი შანსები სახელის ცვლილებით არ შეიცვლება – მძიმე მემკვიდრეობას ვერ ჩამოირეცხავენ. ბექა მქვია და ბეთქილი რომ დავირქვა, რა შეიცვლება ჩემში?“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დავითულიანმა ასევე კომენტარი გააკეთა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნა:
„დიმა ჩიქოვანის წასვლა ნიშნავს, რომ მათ კეზერაშვილის მხრიდან დაფინანსება არ ექნებათ და მათი დაფინანსება კიდევ უფრო საიდუმლო, არალეგალური გახდება. არ ვიცი, კეზერაშვილის გარდა, ვის აქვს ამხელა ფინანსური რესურსი, რომ წინასაარჩევნოდ მათი მადის დაკმაყოფილება შეძლოს. როგორც ჩანს, ვიღაც სხვა ცდილობს, კეზერაშვილის ნაცვლად, პარტია ხელში ჩაიგდოს. აქამდე პარტიას კეზერაშვილი აკონტროლებდა, შემდეგ ხაბეიშვილი გაუშვეს და ბოკუჩავა მოიყვანეს. მათ შორის რა სხვაობაა, არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოკუჩავა სხვისი კადრია“.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა – „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ გუშინ დააფუძნეს. მოგვიანებით ზაზა გოგავასა და დიმა ჩიქოვანის მხრიდან პარტიაში დაპირისპირების შესახებ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ზაზა გოგავას უკმაყოფილება პარტიულ თანამდებობას უკავშირდება.