ბექა დავითულიანი - საქართველო საერთაშორისო სანქციების აღმსრულებელია, მაგრამ ორმხრივ სანქციებს არ აწესებს, რადგან რეალურად ეს არაფერს დაუშავებს რუსეთს და საქართველოს მნიშვნელოვნად დააზიანებს
ბექა დავითულიანი - საქართველო საერთაშორისო სანქციების აღმსრულებელია, მაგრამ ორმხრივ სანქციებს არ აწესებს, რადგან რეალურად ეს არაფერს დაუშავებს რუსეთს და საქართველოს მნიშვნელოვნად დააზიანებს

საქართველო საერთაშორისო სანქციების აღმსრულებელია, მაგრამ ორმხრივ სანქციებს არ აწესებს, რადგან რეალურად ეს არაფერს დაუშავებს რუსეთის ფედერაციას და საქართველოს მნიშვნელოვნად დააზიანებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩსის იმ განცხადებაზე, სადაც რინკევიჩსი აღნიშნავს, რომ „საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“.

„საქართველოს ევროკომისართან, ევროკომისიის მენეჯმენტთან შეთანხმებული აქვს ევრორეკომენდაციების შესრულების პროცედურა. ბორელის ბოლო ვიზიტზე ეს პროცედურა იქნა შეთანხმებული და საქართველო იხელმძღვანელებს ამ შეთანხმების მიხედვით; მეორე – საქართველო საერთაშორისო სანქციების აღმსრულებელია, მაგრამ ორმხრივ სანქციებს არ აწესებს და ეს მთელმა მსოფლიომ იცის. არ აწესებს იმიტომ, რომ ეს არაფერს დაუშავებს რეალურად რუსეთის ფედერაციას, მის აგრესიულ ხელმძღვანელებს და საქართველოს მნიშვნელოვნად დააზიანებს.

რაც შეეხება ბალტიისპირეთს, ბალტიისპირეთს აქვს თავისი გზა. ის არის ევროკავშირის და ნატო-ს წევრი და მათთვის საუბარი ძალიან მარტივია ხანდახან, თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები მათაც აქვთ, ოღონდ ჩვენზე ასმაგად უფრო დაცული არიან. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ რეგიონში, კავკასიაში, აბსოლუტური გავლენა აქვს რუსეთს ყველა ქვეყანაზე და დარჩენილია ერთადერთი ქვეყანა, საქართველო, რომელსაც უნდა ევროპასთან ინტეგრაცია და სურს, გახდეს დასავლური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ აქ დარჩეს ვინმე, ვინც მოახერხებს ამ ინტეგრაციას. ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე. იმედი მაქვს, ჩვენ გარდა, სხვებიც, ჩვენი პარტნიორები და ვისთან თანამშრომლობაც გვინდა, ისინიც ფიქრობენ ამაზე“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.