ბექა დავითულიანი - საკრებულოს უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს მერიის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს
საკრებულოს უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს მერიის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დავითულიანის თქმით, ცვლილებების მომზადების პროცესში, საკრებულოს უმრავლესობას ჰქონდა ინტენსიური კომუნიკაცია მერიის შესაბამის უწყებებთან და მათ აქვთ ერთიანი ხედვა ამ რეფორმებთან დაკავშირებით.
“ჩვენ მივყვებით იმ პრობლემურ საარჩევნო პრიორიტეტებს, რომელსაც თბილისის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და რომელთა შორის მმართველობით-ინსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წარმოდგენილი რესტრუქტურიზაციის მიზანი ბიუროკრატიული პროცესის გამარტივება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მერიის სამსახურების ეფექტიანობის გაზრდაა. ამ ცვლილებების შედეგად, შესაბამისი სამსახურები იძენენ არა მხოლოდ ტექნიკური აღსრულების, არამედ პოლიტიკის განსაზღვრის ფუნქციას“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
როგორც ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ განმარტა, სტრუქტურული ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას ეხება.
„ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ბაზაზე იქნება ახალი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური; არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა და ცალკე სტრუქტურად ყალიბდება ურბანული განვითარების სამსახური; ამავდროულად, ერთიანდება კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებები; ჩამოყალიბდება ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურად და სხვ.“, – განაცხადა დავითულიანმა.
საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ბექა დავითულიანმა მიმდინარე რესტრუქტურიზაციასა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრაზეც ისაუბრა.
„ეს ორი სხვადასხვა საკითხია, რომელთა დაკავშირებითაც სამწუხაროდ, ოპონენტები ცდილობენ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს მოხდა ყოველთვიური შრომის ანაზღაურების გაზრდა თანამდებობის პირთათვის. ეს რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა, რასაც არგუმენტირებული ციფრებით გამყარებული პასუხი უკვე გაეცა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით თანამდებობის პირების ანაზღაურება არ იზრდება, უბრალოდ მოდის შესაბამისობაში ახალი კანონის მოქმედებასთან და მოხელეებიც ყოველთვიური ანაზღაურების სახით ზუსტად იმდენივეს მიიღებენ, რამდენსაც ამ ცვლილებებამდე იღებდნენ. შეიცვალა სახელი და არა ანაზღაურების რაოდენობა“, -განაცხადა ბექა დავითულიანმა.