ბექა დავითულიანი - სააკაშვილი არცერთი კანდიდატის მიმართ პირდაპირ მხარდაჭერას არ გამოხატავს, ისეთ თამაშს თამაშობს, რომ ყველა მიიმხროს, მისთვის პარტია არის ინსტრუმენტი, რომ თვითონ იყოს უკეთეს მდგომარეობაში
ამ არჩევნებით და „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დაპირისპირებით ზიანდება ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში დესტრუქციის შემომტანი მთავარი ძალა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„საბედნიეროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალი არ აქვს. ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური სიახლე. მეორე, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არ ვიცი, სულერთია ჩვენთვის და ალბათ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, გარდა მათი ამომრჩევლებისა. ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს საქართველო, რადგან ამ არჩევნებით და „ნაცმოძრაობის“ შიდა დაპირისპირებით ზიანდება ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში დესტრუქციის შემომტანი მთავარი ძალა“, – აღნიშნა დავითულიანმა.
ამასთან, როგორც დავითულიანმა აღნიშნა, სააკაშვილი არცერთი კანდიდატის მიმართ პირდაპირ მხარდაჭერას არ გამოხატავს, მისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ინსტრუმენტია, რომ თვითონ იყოს უკეთეს მდგომარეობაში.
„ეს პარტია ხვდებოდა, რომ, თავისი რადიკალიზაციის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვერ აღწევდა მთავარ მიზანს, ანუ ვერ მოდიოდა ხელისუფლებაში რევოლუციური გზით. ჩემი აზრით, სააკაშვილი აქ გამოგზავნილი იყო, შესაძლოა სხვა დიდი სცენარების გათვალისწინებთ, ამ რევოლუციის მოსახდენად. მათ ეს არ გამოუვიდათ, ვერც გამოუვიდოდათ, რადგან არც მაშინ და არც ახლა არ არის მათი სურვილი რეალობის შესაბამისი. მიხეილ სააკაშვილი ვინაიდან თვითონ აღმოჩნდა არასახარბიელო მდგომარეობაში. ზის იქ, სადაც მისი ადგილია, თავს გრძნობს ცუდად და ყველაფერს, რასაც ეხება, აფუჭებს, თავისი პარტიის ჩათვლით. რა პოზიციაც ჰქონდა მის პარტიას, ის პოზიციაც კი დააზიანა. არცერთი კანდიდატის მიმართ პირდაპირ მხარდაჭერას არ გამოხატავს, ერთი მხრივ, ნიკა მელიას აურია პარტია თავის დროზე, მეორე მხრივ, ის სქემაც არ აწყობს, რომელიც ამ პარტიაში ყალიბდება და რაღაც ისეთ თამაშს თამაშობს, რომ რამენაირად ყველა მიიმხროს. ანუ მისი ამოცანა ამ ქვეყანაში რამის შეცვლა, თავის პარტიაში რაღაცის მობილიზება და დარაზმვა ღირებულებების ან რაღაც მსგავსის გარშემო კი არ ხდება, არამედ მისთვის მისი პარტია არის ინსტრუმენტი, რომ თვითონ იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე დღეს არის. ანუ მინიმუმ ციხიდან გაიყვანონ, ამისთვის სჭირდება ეს პარტია, მეტი არაფრისთვის დღეს. რომ გამოვა, მერე შეიძლება სხვა დავალებები მისცეს, მაგრამ, სავარაუდოდ, გამოვა ექვსი წლის მერე“, – განაცხადა დავითულიანმა.