ბექა დავითულიანი - „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პარტიების არც ერთ საგარეო ინიციატივას
„ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პარტიების არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ შეფასებაში საქართველო ღიად და მკაფიოდ აცხადებს, რომ რუსეთი სამართლის ყველა საერთაშორისო პრინციპს არღვევს, როცა მეზობელ ქვეყნებში იჭრება.
ბექა დავითულიანის განცხადებით, ამას ადასტურებს ჰააგაში წარდგენილ სარჩელში საქართველოს თანაავტორობა.
„პოლიტიკური შეფასება იმის თაობაზე, რომ რუსეთი არის დამნაშავე რეჟიმი, ახალი არ არის და ამას პოლიტიკური შეფასების ნაწილში ყოველდღე ვახმოვანებთ. სამართლებრივი თვალსაზრისით – რუსეთის აგრესია მეზობელი სახელმწიფოების და ამ შემთხვევაში, უკრაინის მიმართ რომ შეიცავს კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, ამ პოზიციას რომ ვიზიარებთ, ამას ადასტურებს ჩვენი თანაინიციატორობა ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში.
რაც შეეხება „ლელოს“ რეზოლუციას, არ მინახავს, თუმცა „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პარტიების არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ რთულ ვითარებაში დაადასტურა, რომ მისი ყოველი ქმედება მიმართულია ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზე. პოლიტიკურ შეფასებაში ღია ვართ და ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ რუსეთი სამართლის ყველა საერთაშორისო პრინციპს არღვევს, როცა მეზობელ ქვეყნებში იჭრება და მისი ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამას ადასტურებს ჰააგაში წარდგენილ სარჩელში ჩვენი თანაავტორობა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
„ლელომ“ მოამზადა რეზოლუციის პროექტი უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე. რეზოლუციის პროექტის შესახებ „ლელოს“ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პროექტს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებენ.