ბექა დავითულიანი - „ქართული ოცნება“ არის მრავალპარტიულ პარლამენტში არჩეული იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს, ამომრჩევლის ნებას დაემორჩილონ და პარლამენტში ასახონ ის სურათი, რაც ამ საზოგადოებამ შეუკვეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„დღეს „ქართული ოცნება“ დგას იქ, სადაც ქართული საზოგადოება დგას. „ქართული ოცნება“ არის მრავალპარტიულ პარლამენტში არჩეული იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ქართველმა ხალხმა ეს არჩევანი გააკეთა და ოპოზიციას მოუწოდებს, ამომრჩევლის ნებას დაემორჩილონ და პარლამენტში ასახონ ის სურათი, რაც ამ საზოგადოებამ შეუკვეთა“, – განაცხადა დავითულიანმა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი დღეს არის პლურალისტული და მრავალფეროვანი, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში არასდროს ყოფილა, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი მოსახლეობის ამ არჩევანს პატივს არ სცემს და ამ რეალობას არ იღებს.
„ჩვენ ქვეყანას მივაქანებთ დემოკრატიისკენ, სააკაშვილის პლატფორმაზე გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი კი ამ დემოკრატიულ მონაპოვარს უარყოფს და ქვეყანას ისევ უკან ექაჩება. ჩვენ გთავაზობთ – შემობრძანდით. მოსახლეობის ნება აისახოს ისე, როგორც აგვირჩიეს და ყველამ ერთად მივხედოთ საქმეს. ჩვენ ამას ყოველდღე ვადასტურებთ და დღესაც დავადასტურეთ, როდესაც ოპოზიციას შესაძლებლობა დავუტოვეთ, პარლამენტში შემოსულიყო და განეხორციელებინა ის უფლებამოსილება, რისთვისაც ხალხმა აირჩია“, – განაცხადა დავითულიანმა.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიცია მუდმივად ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, „ქართული ოცნება“ კი მათ ბრალდებას არგუმენტირებულად აბათილებს.
დებატებში მონაწილე „ევროპული საქართველოს წევრის, ირაკლი კიკნაველიძის შეკითხვაზე, რა ლოგიკური ახსნა აქვს იმას, რომ წელს ცარიელი ბიულეტენების რაოდენობამ 8 000-ს გადააჭარბა მაშინ, როცა მათი რაოდენობა 2012 წელს 2 816 იყო, 2016 წელს კი 2 820, დავითულიანმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემები ოპოზიცის დამარცხებაზე მიუთითებდა და ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დაეყენებინათ, რისთვისაც გეგმას ამზადებდნენ.
„ლოგიკური ახსნა შეიძლება, იყოს ის, რომ ეს თქვენ გჭირდებოდათ და თქვენს ამომრჩევლებს უთხარით, ეს ასე გააკეთეთო“, – განაცხადა დავითულიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დებატებში მონაწილე „ლელოს“ წარმომადგენლის, ლევან სამუშიას კითხვასაც უპასუხა, რა სამართლებრივი მექანიზმებით აპირებდა ხელისუფლება ხმების გადათვლას და როგორ უნდა ებრძანებინათ ცესკო-სთვის ხმების ხელახალი გადათვლა მაშინ, როცა ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა.
„გადათვლის უფლება ჰქონდა ცესკო-ს, რომელიც დიახ, დამოუკიდებელი ორგანოა, მაგრამ თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგებოდა, ცესკო-ს თხოვნით მივმართავდით. თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგებოდა, თქვენ გგონიათ, ცესკო-ს ამის პრობლემა ექნებოდა? ამას ვნახავდით, მაგრამ თქვენ რატომ არ დაგვთანხმდით?“, – განაცხადა დავითულიანმა.
ბექა დავითულიანმა ასევე აღნიშნა, რომ მათ მოქმედებას, ვინც დღეს ბოიკოტის რეჟიმშია, ევროსაბჭო დემოკრატიის ძირის გამომთხრელ პოზიციად აფასებს.
„აი, პირდაპირ ამ სიტყვებით ჩაგვიწერეს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.