ბექა დავითულიანი - ქალაქი გენერალური გეგმის ძირითადი პარამეტრების მიხედვით განვითარდება და ქაოტური განაშენიანება დასრულდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილება კოეფიციენტების მატებისა და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვის აკრძალვის შესახებ დაასრულებს ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც 2005 წლიდან მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე, ვერც განაშენიანების რეგულირების გეგმით და ვერც სპეციალური ნებართვებით კა-2 კოეფიციენტის გადაჭარბება ვეღარ მოხდება.
„თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ეს დაასრულებს ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც 2005 წლიდან მიმდინარეობს. ქალაქი მხოლოდ გენერალური გეგმის ძირითადი პარამეტრების მიხედვით განვითარდება და ქაოტური განაშენიანება დასრულდება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება კოეფიციენტების მატებასა და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვასთან დაკავშირებული პრაქტიკა.