ბექა დავითულიანი - ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტი გულისხმობს, რომ ლგბტ თემის არცერთ წარმომადგენელს არათუ შეექმნას რამე პრობლემა, არამედ მათი უფლებები იყოს დაცული
ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტი გულისხმობს, რომ ლგბტ თემის არცერთ წარმომადგენელს არათუ შეექმნას რამე პრობლემა, არამედ მათი უფლებები იყოს დაცული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონპროექტი ლგბტ წარმომადგენლების უფლებების შელახვას არ გულისხმობს.
„ეს კანონპროექტი არამც და არამც არ გულისხმობს ლგბტ წარმომადგენლების უფლებების შელახვას, არა, მათი უფლებები უნდა იყოს 100%-ით დაცული. ეს არის ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტი, შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ ლგბტ თემის არცერთ წარმომადგენელს არათუ შეზღუდვები და რაიმე პრობლემები შეექმნას, არამედ მათი უფლებები იყოს დაცული, როგორც აქამდე და კიდევ უფრო მეტად. რაც შეეხება ბავშვთა უფლებების დაცვას და ახალი თაობების პროპაგანდისგან დაცვას, ისიც ძალიან მარტივი მექანიზმია. მაგალითისთვის, უბრალოდ კინოში უნდა ეწეროს +18 და არ უნდა შევიდნენ ბავშვები და ასე შემდეგ. წვდომა უნდა შეეზღუდოთ ბავშვებს, ეს ხდება კონკრეტულად ამ მიმართულებით“, – აღნიშნა დავითულიანმა.