ბექა დავითულიანი - ნიკა მელიას საკითხზე პროკურატურა პარლამენტს თუ მიმართავს, ვიმსჯელებთ და კანონის ფარგლებში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ
ბექა დავითულიანი - ნიკა მელიას საკითხზე პროკურატურა პარლამენტს თუ მიმართავს, ვიმსჯელებთ და კანონის ფარგლებში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდაზე უარი მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ პროვოკაციაა.

მისივე თქმით, პროკურატურა პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე თუ მიმართავს, პარლამენტი იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ. ნიკა მელიას მხრიდან პირდაპირ ეთერში ჩადენილი დანაშაული ჩვენ უკვე ორჯერ ვიხილეთ. ერთხელ, როდესაც ის ძალადობრივ შტურმს აორგანიზებდა პარლამენტზე  და მეორედ, როდესაც მან დაარღვია აღკვეთის ღონისძიებით დაწესებული პირობები და მოიხსნა სამაჯური, რის გამოც მას დაუწესდა გირაო. ამ გირაოს გადახდაზე აცხადებს უარს. კანონი ყველასთვის ერთია, პოლიტიკური მიზანშეწონილობით რომ გამოდიოდეს ვინმე ამ საქმიდან, პოლიტიკურად მიზანშეწონილად საერთოდ არ მიმაჩნია ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ გაღვიძება ამ საბაბით, თუმცა კანონი ყველასთვის ერთია. პროკურატურას თუ ექნება მომართვა, პარლამენტი იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა დავითულიანმა.