ბექა დავითულიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სტრუქტურის ხელმძღვანელს შეეძლო, განუსაზღვრელი რაოდენობის პრემია გაეცა
ბექა დავითულიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სტრუქტურის ხელმძღვანელს შეეძლო, განუსაზღვრელი რაოდენობის პრემია გაეცა

„ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სტრუქტურის ხელმძღვანელს შეეძლო, ამდგარიყო და განუსაზღვრელი რაოდენობის პრემია გაეცა. ზოგიერთ შემთხვევაში ამას აკეთებდნენ კიდეც, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მათ შორის, ჩვენი მმართველობის პირობებშიც მოხდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ძალიან შეუსაბამო პრემია გაიცა. თუმცა, ეს 2016 წელს ჩვენს მიერ მიღებულმა ერთმა რეგულაციამ, ახლა კი უკვე კანონმა ჩაკეტა. კანონი პრემიის გაცემის დასაბუთებას ისე მკაფიოდ და მკაცრად ითხოვს, რომ ამას რეგულარული და ყოველთვიური ხასიათი ვერ მიეცემა“, – განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. 

„სამწუხაროდ, მიდის პროცესი, რითაც ჩვენ რაღაცნაირად საინფორმაციო ველში თამაშში შევდივართ. კვირის დასაწყისში დაიწყეს საუბარი, რომ მერიის მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლები იზრდება და თითქმის გაორმაგდა. მერე პასუხების პარალელურად დააკორექტირეს და თქვეს, რომ შემოსავალი არ გაორმაგებულა, მაგრამ ხელფასი გაორმაგდა“, – განაცხადა დავითულიანმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის შეკითხვაზე, რა პრობლემები მოაგვარა „ქართულმა ოცნებამ“ სამი წლის განმავლობაში და რისთვის მიიღეს გარკვეულმა პირებმა პრემია–დანამატები, ბექა დავითულიანმა თქვა, რომ მათ ამ ხნის განმავლობაში ის პრობლემები მოაგვარეს, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხრა წლის განმავლობაში ვერ შეძლო.

„სოციალური პირობები დღეს უკეთესია, ვიდრე თქვენს პირობებში იყო. იგივე შეიძლება ითქვას იმ უფასო სასადილოებზე, რომლებზეც მუდმივად საუბრობთ და ა.შ. თქვენ დანამატს იმაში იღებდით, რომ ქალაქი დაგენგრიათ და ქაოტური განაშენიანების ყველა საფუძველი შეგექმნათ. პირველი სკოლის უკან ჩაგედგათ სრული სიმახინჯე, აგეშენებინათ შენობები, რომლებიც დღეს კოლაფსს ქმნიან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.