ბექა დავითულიანი - მამუკა ხაზარაძის განცხადებების შემდეგ კიდევ ერთხელ ვნახავთ მის „ფორდ მუსტანგს“ დამწვარს, ამჯერად უკვე სირცხვილისგან, არჩევნებში მიღწეული შედეგების გამო
ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, სადაც სურს, რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს თვითონ მოუწევს წასვლა მოსკოვში და „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
დავითულიანი გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, სადაც ხაზარაძე ამბობს: „ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს მოსკოვში“.
ბექა დავითულიანის თქმით, საინტერესოა, მამუკა ხაზარაძე რის საფუძველზე ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვს?
„რისი იმედით ამბობენ, რომ უმრავლესობაში მოვლენ? მამუკა ხაზარაძე რომ დაწერს, 36 კვირა დარჩა ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში წასვლამდეო, ეს არის საფუძველი, იფიქრონ, თითქოს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვთ? გაივლის ეს 36 თუ რამდენი კვირაც დარჩა, მე არ ვითვლი, მამუკა ხაზარაძე ითვლის თავის კრახამდე დარჩენილ კვირებს და საათებს. ვნახავთ, რომ ამ 36 კვირის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, იქ, სადაც სურს, რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს თვითონ მოუწევს წასვლა მოსკოვში და იმ „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება, ამას თუ გულისხმობს. კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ განცხადებების შემდეგ მამუკა ხაზარაძის „ფორდ მუსტანგს“ დამწვარს, ოღონდ ამჯერად უკვე სირცხვილისგან, არჩევნებში მიღწეული შედეგების გამო. რის იმედად ამბობენ ამას, არ ვიცი. იმედია, რაღაც გამოკითხვას ატარებენ. რეალობა იციან, შეგუებული არიან და თავიანთ ამომრჩეველს ატყუებენ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.