ბექა დავითულიანი - ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე მთავრობის წევრებს დავამტკიცებთ
ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე მთავრობის წევრებს დავამტკიცებთ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა. დავითულიანის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა აპირებს მთავრობის წევრებს ნდობა გამოუცხადოს, რადგან მისი განმარტებით, სწორედ ამ გუნდის წევრებთან ერთად აპირებს თბილისის ახალი მერი საარჩევნო პროგრამის აღსრულებას.
“თავდაპირველად კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის წევრები წარმოადგენენ თავიანთ სამომავლო ხედვებს, კომისიებში მთავრობის წევრების განხილვა იქნება. შემდეგში უკვე საკრებულოს სხდომის ფორმატში იქნება განხილვა და მთავრობის წევრების დამტკიცება. კახი კალაძე არის ნდობით აღჭურვილი, რომელმაც მიიღო ხალხის მაღალი ლეგიტიმაცია ამ არჩევნებზე. მის წინასაარჩევნო პროგრამას ხალხის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, შესაბამისად, ის იმ გუნდით გეგმავს თავის საარჩევნო დაპირებების აღსრულებას, რა გუნდსაც ხვალ წარადგენს. ჩვენ, მისი თანაგუნდელები ასევე მოტივირებულები ვართ დავუჭიროთ მხარი მის გეგმებს და ამ გეგმების აღსრულებას. რა თქმა უნდა კონკრეტული კითხვები შეიძლება გაჩნდეს საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.