ბექა დავითულიანი - გუნდში მსჯელობა დაწყებულია, საზოგადოების შენიშვნა მიღებულია
გუნდში მსჯელობა დაწყებულია, საზოგადოების შენიშვნა მიღებულია და ვიწყებთ იმაზე ზრუნვას, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეფასებისას განაცხადა.
დავითულიანის თქმით, მათ მიიღეს გზავნილი, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე შესაცვლელია სწრაფად და ეფექტურად.
„ამ არჩევნებიდან ჩვენ შეგვიძლია სამი ძირითადი დასკვნის გამოტანა. პირველი, ეს არის ის, რომ ქვეყანაში მოქმედებს მაღალი დემოკრატიული სტანდარტი და არჩევნების გაყალბების მავნე პრაქტიკა, ერთხელ და სამუდამოდ დასამარებულია. მეორე ტური მიანიშნებს მაღალ დემოკრატიულ სტანდარტზე, რომლის დაცვის გარანტი არის მოქმედი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხთან ერთად.
მეორე, მივიღეთ გზავნილი, რომ ძალიან ბევრი რამე არის შესაცვლელი, შესაცვლელი სწრაფად და ეფექტურად. ეს გზავნილი მიღებულია, ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის და ძალიან სწრაფად, ისევ თქვენთან, ხალხთან ერთად შევცვლით და ამ გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით.
მესამე არის ის, რომ მივიღეთ აბსოლუტურად პოლარიზებული არჩევანი. არჩევანი სიბნელესა და სინათლეს შორის, არჩევანი ძალადობასა და სიმართლეს შორის. ამიტომ, არჩევანი მარტივია და ერთად უნდა გავართვათ თავი ამ გამოწვევას.
გუნდში, რა თქმა უნდა, დაიწყო მსჯელობა. გუნდში რომ მსჯელობა არ დაწყებულიყო, დილით გენერალური მდივანი არ გამართავდა ბრიფინგს. დღეს მე თქვენს წინაშე არ ვიდგებოდი.
მსჯელობა დაწყებულია, საზოგადოების შენიშვნა მიღებულია და ვიწყებთ იმაზე ზრუნვას, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ. ეს არის ეკონომიკა. ეს არის სამართლიანობა, ეს არის ეფექტიანი აღსრულების სისტემა და უამრავი სხვა პრობლემა“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.