ბექა დავითულიანი - გარკვეული ჯგუფების მხრიდან ტრადიციული ღირებულებების მიმართ მტრული დამოკიდებულებაა, საჭიროდ ჩავთვალეთ, კონსტიტუციაში მკაფიოდ იყოს გამოხატული ეკლესიის როლი
ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციული ღირებულებების მიმართ საქართველოში მტრული დამოკიდებულებაა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც სტიმულირებული არიან შიდა კონტექსტით, ასევე გარედან ხდება მათი წაქეზება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანის თქმით, საჭიროდ მიიჩნიეს, კონსტიტუციაში მკაფიოდ იყოს გამოხატული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი.
„შეთანხმება მოხდა და ეს როლი კონსტიტუციურად იქნება გამოხატული. ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო – არც ჩვენ გვინდა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე რაიმე ზეგავლენა გვქონდეს და არც ის გვინდა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელისუფლების მუშაობაზე ჰქონდეს გავლენა, გარდა მორალური გავლენისა. შესაბამისად, ფორმულირებამდე მივედით, რომ ეკლესიის როლი იქნება გამოკვეთილი კონსტიტუციაში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.