ბექა დავითულიანი - ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მთავარი გზავნილი იყო, რომ ევროკავშირი მზად არის, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი და ხელი შეუწყოს 12 რეკომენდაციის აღსრულებაში
ბექა დავითულიანი - ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მთავარი გზავნილი იყო, რომ ევროკავშირი მზად არის, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი და ხელი შეუწყოს 12 რეკომენდაციის აღსრულებაში

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მთავარი გზავნილი იყო, რომ ევროკავშირი მზად არის, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი და მზად არის, ხელი შეუწყოს 12 რეკომენდაციის აღსრულებაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ევროკომისრის პირით და ლექსიკით ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს მიმდინარე რეფორმებს და მიაჩნია, რომ ეს არის ისტორიული შანსი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც არსებობს, დღეს და ახლა“, – განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, ევროკომისრის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო პოლიტიკური სპექტრის შეთანხმება, რეკომენდაციების აღსრულებაში ჩართულობა და ერთგვარი ეროვნული კონსენსუსის მიღწევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ამ ყველაფერს ოპოზიციის ნაწილმა აბსურდული განცხადებებით უპასუხა.

„ევროკომისარმა ცალსახად გვითხრა, თქვენ მიდიხართ სწორად და თქვენ მიდიხართ კარგად, უბრალოდ, მეტი ერთიანობაო, ამის საპასუხოდ კი, ვნახეთ ოპოზიციის მოქმედება როგორი იყო. დღეს, ევროკომისრის პოზიტიურ გზავნილებზე, არა მხოლოდ ხელისუფლებისადმი, პირველ რიგში, ქვეყნისადმი და ხალხისადმი, რომ ეს თქვენი ისტორიული შანსია, სწორი გზით მიდიხართ და უფრო მეტი იმუშავეთ ერთადო, ქალბატონი სალომე სამადაშვილისგან ევროკომისარმა მიიღო პასუხი, რომ ეს არის პრორუსი და ამიტომ უჭერს „ქართულ ოცნებას“ მხარსო. აი, ამის შემდეგ არ ვიცი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილს არ სურს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში მოიპოვოს.

„დღეს ქალბატონი სალომე სამადაშვილის თავდასხმა ევროკომისრის პოზიტიურ გზავნილებზე და მისი პრორუსად შერაცხვა ჯამურად, ნიშნავს ამას, რომ მათ პრობლემა აქვთ და უნდათ, მათ ხელში მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან მათი პირველადი ამოცანა არის ხელისუფლების მოპოვება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, ამოცანათა შორის იდგეს რიგში ევროპასთან ინტეგრაცია“, – განაცხადა დავითულიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არის ცალკეული რეკომენდაციები ისეთი კანონების, თუ წესების შემოღების შესახებ, როგორიც არის მაგალითად, პროკურორის არჩევის ახალი წესი და მაგალითად, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, რომელიც არც ხელისუფლებას მოსწონს და არც ოპოზიციას, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ ეს რეფორმები ღირს იმად, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ანუ, იმაზე მეტის დათმობა არ არის, ვიდრე ამაში გადახდა ღირდა, მაგრამ შეიძლება, უფრო მეტს გვათმობინებენ, ვიდრე სხვას დაუთმია ჩვენამდე. შეიძლება, უფრო მეტს ითხოვენ ჩვენგან და ამასაც აქვს თავისი ლოგიკა. იმიტომ, რომ ჩვენნაირ ქვეყნებს ბევრად მაღალი რისკი აქვთ, საქართველო გეოგრაფიულადაც შორს არის და ამაზეც გაგვიკეთეს მინიშნება – თქვენ უფრო მეტი უნდა მოინდომოთ, რომ იყოთ ჩვენთან, ვიდრე მოინდომებდა მაგალითად, ევროპის სამეზობლოში უფრო ახლოს მყოფი ქვეყანა“, – განაცხადა დავითულიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ცდილობს, პარტნიორებისთვის ეს ხაზი გასაგები და მისაღები იყოს, დღეს კი ქართულმა საზოგადოებამ ნახა, რომ ხელისუფლების ხაზი მისაღებია ქვეყნის პარტნიორებისთვის.

„იდეალური ხომ არ არის ევროკავშირიც? უბრალოდ, ქართული იდენტობის გადარჩენის და განვითარების უალტერნატივო სივრცეა დღეს, თორემ ორი საუკუნის მერე შეიძლება, საერთოდ სხვაგან იყოს ალტერნატივა, ხომ? დღეს, ჩვენ ვთვლით, რომ ისეთი მცირე მასშტაბის, ისეთი ეკონომიკის და უსაფრთხოების ისეთი პრობლემების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ევროკავშირის სივრცე არის უალტერნატივო. ამიტომ, იქ ჩვენი ეროვნული ინტერესებით უნდა შევიდეთ, რაღაც შევმატოთ კიდეც და რაღაც უნდა წამოვიღოთ იქიდან ჩვენი დაცვისთვის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.