ბექა დავითულიანი - ევროკავშირის გაფართოების დიდი ტალღა არ ჩანს, როცა ეს ტალღა რეალური გახდება, საქართველო ამის ნაწილი ნამდვილად იქნება, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ
ევროკავშირის გაფართოების დიდი ტალღა, სამწუხაროდ, არ ჩანს, მაგრამ ეს ტალღა როდესაც რეალური გახდება, საქართველო ამის ნაწილი ნამდვილად იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამე ხდება და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კონფიგურაცია ცხადი იქნება.
„საქართველო ევროკავშირის დიდი გაფართოების ნაწილი იქნება. სამწუხაროდ, გაფართოების დიდი ტალღა არ ჩანს, მაგრამ როცა ეს ტალღა რეალური გახდება, საქართველო ამის ნაწილი ნამდვილად იქნება. დედამიწაზე, მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამე ხდება და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კონფიგურაცია იქნება ცხადი. იმედი მაქვს, ამას ყველა გააცნობიერებს, შეძლებენ, დროებით გრძნობებსა და ემოციებს მოერიონ და პრაგმატულად იაზროვნონ. რისი პროცესია შეჩერებული, რას ამბობს ელჩი? რაში გამოიხატება პროცესის შეჩერება, სხვებს მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახლად შექმნილი მთავრობა კვლავ დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.