ბექა დავითულიანი - ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ბევრი ისეთი პუნქტი, რომელსაც შარლ მიშელის შეთანხმება თავისთავად ითვალისწინებს
ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ბევრი ისეთი პუნქტი, რომელსაც შარლ მიშელის შეთანხმება თავისთავად ითვალისწინებს და ის ისედაც ხდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფორმატშიც მოხდება ამ რეკომენდაციების განხილვა.
„ჩვენ რეკომენდაციების გათვალისწინების განწყობა ყოველთვის გვაქვს საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან მიმართებაში. დავსხდებით, განვიხილავთ, ვიმუშავებთ. პრაქტიკულად, ის ძირითადი პუნქტები შეთანხმების ნაწილი ისედაც იყო. ამიტომ სამუშაო პროცესია და სამუშაო პროცესში გამოჩნდება დანარჩენი კონკრეტულ დეტალებში, რაში ვთანხმდებით და რაში ვერ ვთანხმდებით ოპოზიციასთან, თუ რა რეკომენდაციას მივყვებით, რაზე შეიძლება არ იყოს საჭირო გაყოლა, თუ ავხსნით და შევთანხმდებით ყველა ერთად“, – განაცხადა დავითულიანმა.
ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნა გამოაქვეყნეს.
საუბარია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული:
„1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს;
2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ;
3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რომ მსგავსი კანონმდელობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს.