ბექა დავითულიანი - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ახალ პროექტზე ოპოზიცია ზონალური სტატუსით მანიპულირებს
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ახალ პროექტზე ოპოზიცია ზონალური სტატუსით მანიპულირებს, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა გაერთიანებული კომისიების სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას განიხილავდნენ.
დავითულიანი ოპოზიციის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომელთა განცხადებითაც, გენგეგმის მიხედვით, თბილისში შემცირებულია ტერიტორიების გამწვანება და ამის ნაცვლად გაზრდილია მასშტაბური მშენებლობები.
დავითულიანის თქმით, გენერალურ გეგმაში მთელი რიგი მიმართულებები დაკორექტირდა, შესაბამისად, გენერალურ გეგმაში შემოტანილია ცნება – სატყეო ზონა, რაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა.
„რუკაზე სატყეო ზონა დავაბრუნეთ. ოპოზიცია მანიპულირებს ზონალური სტატუსებით. აქამდე, თუ რაღაცას ერქვა რეკრეაცია, ამ ოპოზიციამ, რომელიც ხელისუფლებაში იყო, თბილისის რუკიდან სატყეო ზონა საერთოდ გააქრო, როგორც ცნება. ამჟამად გენერალურმა გეგმამ სატყეო ზონა შემოიტანა გენერალური გეგმისა და ზონალობის ცნებაში“, – განაცხადა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე იმსჯელეს.