ბექა დავითულიანი - დავაცდით, 8 ნოემბერს აქციას ჩაატარებენ და შემდეგ ამოქმედდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რადგან არავის ვათქმევინოთ, რომ რამენაირად ეზღუდებათ პოლიტიკური უფლება
22:00-საათიანი აკრძალვა ორშაბათიდან ამოქმედდება, რადგან არავის ვათქმევინოთ, რომ რამენაირად პოლიტიკური უფლება ეზღუდებათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა ოპოზიციის მიერ 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ისე არ იზამს, რომ ვინმეს გამოხატვის თავისუფლებას პრობლემა შეექმნას.
„ხელისუფლებამ კი არ დაუმთხვია დაანონსებულ აქციას, არამედ ხელისუფლებამ თქვა, რომ ორშაბათიდან იქნება ათსაათიანი აკრძალვის შემოღება, რადგან დავაცადოთ და არავის ვათქმევინოთ, რომ რამენაირად პოლიტიკური უფლება ეზღუდებათ. დავაცდით, 8 ნოემბერს აქციას ჩაატარებენ და ორშაბათიდან დაწესდება ეს შეზღუდვა. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვიზამთ ისე, რომ პოლიტიკასა და შეზღუდვებს შორის დაცული არ იყოს ბალანსი და ვინმეს გამოხატვის თავისუფლებას შეექმნას პრობლემა“, – განაცხადა დავითულიანმა.
ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტსა და კერძო ავტომობილებზე.