ბექა დავითულიანი - ჩვენ ვხედავთ, ვინ დგას გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით აქციების უკან, მზად ვართ, ყველა ჯგუფს, მხარეს შევხვდეთ და ავუხსნათ, რა წერია პროექტში
მზად ვართ, ყველა ჯგუფს და მხარეს შევხვდეთ და ავუხსნათ, რა წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანის თქმით, ხედავენ, ვინ დგას იმ აქციების უკან, რომლებიც კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
„ჩვენ ვხედავთ, ვინ დგას ამ აქციების უკან, მაგრამ ამ წუთას ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მოსახლეობამ იცოდეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც იღებს დაფინანსებას ქვეყნის საზღვრებს გარედან და არ ეწევა იმ საქმიანობას, რომელიც დეკლარირებული აქვს, ანუ არ ეწევა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის დამახასიათებელ საქმიანობას, არამედ ამ ეგიდით ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, აქვს ვიწროპოლიტიკური ინტერესები, ხშირ შემთხვევაში, არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინსტრუმენტი. მათ ვთხოვთ ამ შემოსავლების, დაფინანსების დეკლარირებას. მეტი არაფერი არ ხდება ამ კანონით. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას თუ ვინმე შეეცდება, მზად ვართ, ყველა ჯგუფს და მხარეს შევხვდეთ, ვისაც ამასთან დაკავშირებით, შეიძლება, კომპეტენტური აზრი ჰქონდეთ და ავუხსნათ, რა წერია ამ კანონში.
ამ კანონში წერია, რომ ყველა უნდა დარეგისტრირდეთ და წელიწადში ერთხელ წარადგინოთ დეკლარაცია, ისევე როგორც, მაგალითად, მე წარვადგენ. „ქართულ ოცნებას“ აბარია ხელისუფლება და ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა აქვს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ამ პასუხისმგებლობას სხვა პოლიტიკური ძალები საკუთარ თავზე ვერ გრძნობენ. შესაბამისად, ვინც პასუხისმგებელია, ის გრძნობს ვალდებულებას, რომ ხვრელს სადაც ხედავს, იმას თუ არ ამოავსებს, სააშკარაოზე მაინც გამოიტანოს. სწორედ ამიტომ ხდება კანონის მიღება.
რაც შეეხება საკითხს, მთელი მსოფლიო ცდება? ამერიკის შეერთებული შტატები თუ ცდება, მაშინ „ფარას“ შესახებ კანონს არ მიიღებდა. ეს კანონი მათთან მოქმედებს ნახევარ საუკუნეზე მეტია. ასევე ინგლისი არ მიიღებდა ამ კანონს. შესაბამისად, მათ თავის ქვეყნებში თუ სჭირდებათ ეს კანონი, ესე იგი, ისინი პრინციპულად წინააღმდეგნი ვერ იქნებიან ჩვენს ქვეყანაში ამ კანონის მოქმედებისა. ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვერ წარმოუდგენია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება პოლიტიკური პარტიის პირდაპირი ინსტრუმენტი იყოს. გარედან რომ ისმენენ, ეჭვები უჩნდებათ და კითხვებს სვამენ. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეა. რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გინახავთ, რომ ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოსულიყვნენ მიტინგზე და ეთქვათ, მთავრობა უნდა გადადგეს და არასამთავრობო ორგანიზაციები დავაკომპლექტებთ დროებით მთავრობასო? ასეთ ვერცერთ პრეცედენტს ვერ ნახავთ. არასამთავრობო ორგანიზაცია იმიტომ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი არ აქვს. ყველაზე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთო. ამის შემდეგ მეუბნებით, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებად რჩებიან?“ – განუცხადა ჟურნალისტებს ბექა დავითულიანმა.