ბექა დავითულიანი - ჩემთვის სასიხარულოა, რომ თინათინ ბოკუჩავა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებენ არჩეული სტრატეგიით
ჩემთვის სასიხარულოა, რომ თინათინ ბოკუჩავა და სხვა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებენ არჩეული სტრატეგიით, – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
ბექა დავითულიანმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს: „ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს“.
„ხელისუფლებას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა და ის, ვინც სწორებას არა ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ამ ქვეყნის გარეთ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებზე აკეთებს, უბრალოდ ხელისუფლებაში ვერ მოხვდება. ამ შემთხვევაში ჩემთვის სასიხარულოა, რომ ქალბატონი თინათინ ბოკუჩავა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებენ ამ თავიანთი სტრატეგიით“, – აღნიშნა დავითულიანმა.
რაც შეეხება ბოკუჩავას განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციურ ველზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებისთვის პრეზიდენტის ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, დავითულიანი ამბობს, რომ „ძალიან ტყუილად აქვს ამის იმედი“.
„რაც შეეხება პრეზიდენტის როლს ოპოზიციურ გაერთიანებაში, ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვამბობთ, რომ პრეზიდენტი ცდილობს, შექმნას რადიკალური ოპოზიციისთვის პლატფორმა, რომელიც გამოყენებული იქნება არჩევნების დისკრედიტაციისთვის და არა ვინმეს მხრიდან სამართლიან არჩევნებში გამარჯვებისთვის. ამიტომ, იყვნენ ერთად, არ არის პრობლემა. ერთად დამარცხდებიან“, – განაცხადა დავითულიანმა.